"ევროპის უნივერსიტეტის" ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია - "ცოდნის ეკონომიკა თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში" გაიმართა
30 ივნისს, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში", "ევროპის უნივერსიტეტის" ორგანიზებითა და მონაწილეობით, საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით "ცოდნის ეკონომიკა თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში" გაიმართა. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, საქართველოში პროფესორები უკრაინიდან, პოლონეთიდან და მაკედონიიდან ჩამოვიდნენ. კონფერენციაზე სამეცნიერო საზოგადოებამ გლობალიზაციაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, საქართველოს ევროპინტეგრაციის გამოწვევებსაც გაუსვა ხაზი.
კონფერენცია პლენარული სხდომით დაიწყო, რომლის ხელმძღვანელებიც "ევროპის უნივერსიტეტის" პროფესორები, გივი ბედიანაშვილი და გოჩა თუთბერიძე იყვნენ. ცოდნის ეკონომიკის ფორმირება და ინოვაციური სამეწარმეო პოლიტიკა, მცირე ქვეყნების ეკონომიკის განვითარების ტენდენციები, მდგრადი განვითარების შეფასება, უსადენო ქსელების უსაფრთხოება, გადასახადები, ბიზნესი და აუდიტი - ეს სულ მცირე ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომელზეც, სხდომის ფარგლებში, ქართველმა და უცხოელმა პროფესორებმა იმსჯელეს.
პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, კონფერენციის მონაწილეებმა სექციებში იმუშავეს. პირველი სექციის ფარგლებში, პროფესორებმა განიხილეს თეორია, მეთოდოლოგია, მაკროეკონომიკა, ფინანსები და სისტემური პრობლემები. ზემოაღნიშნულ საკითხებზე სამსჯელოდ მათ კონკრეტული ქვეყნების მაგალითებიც მოიშველიეს და დისკუსია გამართეს ისეთ მნიშვნეოვან თემებზე, როგორებიცაა: ევროპული ინტეგრაცია და საქართველოს ეკონომიკური გამოწვევები, უკრაინის საგადასახადო სისტემა, Brexit-ი და ევროპის ფინანსური სისტემა. მეორე სასექციო მუშაობის დროს, პროფესორებმა განათლებაზე, ტექნოლოგიებზე, ინფორმაციაზე, კომუნიკაციასა და ტურიზმზე ისაუბრეს. სამეცნიერო საზოგადოება 21-ე საუკუნისა და მომავლის ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებსაც შეეხო, როგორებიცაა თბოეფექტურობა, ტურიზმის განვითარების ტენდენციები, მომავლის რობოტები, ტიურინგის ტესტის ჩაბარება და სხვა. კონფერენციის დასასრულს, ღონისძიების მონაწილეებმა ყველა განხილული საკითხი შეაჯამეს და მოხსენებები წარადგინეს. "ევროპის უნივერსიტეტის" პროფესორებმა ქართველ და ევროპელ კოლეგებს სერთიფიკატები გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ ასეთ ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის ფონზე, იმისთვის, რომ საქართველო ევროპულ სამეცნიერო ბაზარზე მაღალი ხარისხის სამეცნიერო პროდუქტითა და განათლებით შევიდეს. კონფერენცია უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევის ინსტიტუტის“ ინიციატივივით გაიმართა, რომლის მკვლევრების სამეცნიერო ნამუშევრებიც ისეთი მაღალი დონის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებშია წარმოდგენილი, როგორებიც OAJI, Google Scholar, SIS და Index Copernicus-ია. ამ ტიპის კონფერენცია, „ევროპის უნივერსიტეტის“ ორგანიზებით, საქართველოში უკვე მეორედ გაიმართა.