ევროპის უნივერსიტეტში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის პროგრამის გახსნის ცერემონია გაიმართა
2017 წლის 16 ოქტომბერს, ევროპის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის პროგრამის გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში საფრანგეთის ელჩმა - პასკალ მენიემ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავდჯომარემ - ეკა ბესელიამ, მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულთა საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა - ირაკლი ნადარეიშვილმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტებმა, ქართველმა და უცხოელმა სამართალმცოდნეებმა.
როგორც საქართველოში სარფანგეთის ელჩმა, პასკალ მენიემ, განაცხადა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც საქართველოს პირველად ეწვია, ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა საფრანგეთში: "მას დიდი ხნის ისტორია აქვს. ვფიქრობ ევროპის უნივერსიტეტთან ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება". საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავდჯომარემ - ეკა ბესელიამ კი ადამიანის უფლებების სამართალზე ისაუბრა და ამ მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს გაუსვა ხაზი.
ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა - იოსებ კელენჯერიძემ განმარტა, რომ აღნიშნული სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი პირველად ეწვია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად კავკასიას და სწორედ ევროპის უნივერსიტეტის სივრცე შეარჩია პროგრამის განსახორციელებლად:
"რაც შეეხება თავად ტრენინგ-კურსებს, ეს არის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის კურსი, რომელიც მთავრდება გამოცდით და გაიცემა სერტიფიკატები".
აღნიშნული პროგრამის მხარდამჭერები საქართველოში საფრანგეთის საელჩო და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატიარიან.