“ევროპის უნივერსიტეტი“ "ერაზმუს+" საერთაშორისო კვირეულს მასპინძლობს

„ევროპის უნივერსიტეტი“ 3-7 ივნისს "ერაზმუს+" საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში 7 ქვეყნის 17 წარმომადგენელს მასპინძლობს. გახსნითი დღე აკადემიური კუთხით უნივერსიტეტის გაცნობას და ქართული კულტურის გაზიარებას დაეთმო.
 
საერთაშორისო კვირეული „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გახსნა, რომელმაც ხაზი გაუსვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. ვიცე-რექტორმა ხარისხის განვითარების მიმართულებით სოფიო ხუნდაძემ უნივერსიტეტის ორგანიზაციული სტრუქტურა მიმოიხილა, რის შემდეგაც საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მოვალეობის შემსრულებელმა გვანცა ჯიჩოშვილმა "ევროპის უნივერსიტეტის“ ინტერნაციონალიზაციისკენ მიმართული აქტივობები და სამომავლო მიზნები განიხილა.
 
"ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია ჯოჯუამ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა ილია ბოცვაძემ, სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა მაია კერესელიძემ და სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ეკა კაველიძემ დამსწრეებს უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პროგრამები გააცნეს.

უცხოელ სტუდენტთა შერჩევისა და მიღების სამსახურის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლაშა ჩახვაძემ ისაუბრა უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვის პირობებზე და საერთაშორისო აღიარების შესახებ.
 
დღის წესრიგი ასევე მოიცავდა საქართველოსა და მისი უნიკალური კულტურის შესახებ ლექციას, რომელსაც „ევროპის უნივერსიტეტის“ ლექტორი გიორგი ჭეიშვილი უძღვებოდა. მონაწილეებს ასევე მოწვეულმა ლექტორმა, ია დოჭვირმა, ჩაუტარა ვორქშოპი ქართულ ენაში.
 
საერთაშორისო კვირეული მოიცავს ხუთდღიან აკადემიურ და  კულტურულ აქტივობებს ინტერნაციონალიზაციის მიზნების მისაღწევად.
 
კვირეულში მონაწილეობენ შემდეგი ინსტიტუტები:
 
❖ ისმას უნივერსიტეტი (ლატვია)
❖ PXL გამოყენებით მეცნიერებათა და ხელოვნების უნივერსიტეტი (ბელგია)
❖ სტამბოლის კენტის უნივერსიტეტი (თურქეთი)
❖ ლატვიის უნივერსიტეტის რიგის სამედიცინო კოლეჯი(ლატვია)
❖ ზეფატის აკადემიური კოლეჯი (ისრაელი)
❖ CFA Leem Apprenticeship (საფრანგეთი)
❖ რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის Liepaja აკადემია(ლატვია)
❖ იანოს კოდოლანის უნივერსიტეტი (უნგრეთი)
❖ რუმინულ-ამერიკული უნივერსიტეტი (რუმინეთი)

გააზიარე გვერდი:

Hello World!