"ევროპის უნივერსიტეტში" "ერაზმუს+" ინსტიტუციური განვითარების პროექტის "HEAL" გახსნითი შეხვედრა გაიმართა

23 იანვარს "ევროპის უნივერსიტეტში" "ერაზმუს+" ინსტიტუციური განვითარების პროექტის "განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება და ექიმ სტომატოლოგთა უწყვეტი განათლების ხელშეწყობა საქართველოში (HEAL)“ (ERASMUS-EDU-2023-CBHE-STRAND-1-101129331) გახსნითი შეხვედრა გაიმართა.

პროექტის მიზანია საქართველოში ექიმ სტომატოლოგთა გაძლიერების ხელშეწყობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტომატოლოგიის პროგრამების სასწავლო გეგმის განახლების გზით და სტუდენტების იმ ცოდნითა და უნარებით აღჭურვა, რაც აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სტომატოლოგიური მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად.

აღსანიშნავია, რომ პროექტი საერთაშორისო ხასიათისაა და "ევროპის უნივერსიტეტს“ თანამშრომლობას ადგილობრივ დონეზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი უწევს, ხოლო უცხოელ პარტნიორებს შორის არიან:

  • პოზნანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი (პოლონეთი)
  • სტამბოლის აიდინის უნივერსიტეტი (თურქეთი)
  • სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტი (ბულგარეთი)

პროექტის პირველი სამუშაო შეხვედრა "ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის ნათია ჯოჯუას მიმართვით გაიხსნა.

დამსწრეებს სიტყვით ასევე თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა, თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის გამგემ და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთევან გოგილაშვილმა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მარგიშვილმა მიმართეს.

გახსნით ღონისძიებას "ევროპის უნივერსიტეტის" რექტორი ნინო ტალიაშვილი და "ერაზმუს+" ინსტიტუციური განვითარების პროექტის "განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება და ექიმ სტომატოლოგთა უწყვეტი განათლების ხელშეწყობა საქართველოში (HEAL)“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

პროექტის გახსნითი ღონისძიება 25 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

გააზიარე გვერდი: