"ევროპის უნივერსიტეტის“ პროექტი - "ევროპული ღირებულებების და სტანდარტების განვითარება ქართულ სკოლებში“ დასრულდა

"ევროპის უნივერსიტეტის" ერაზმუს+ ჟან მონეს პროექტის - "ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება ქართულ სკოლებში“ ფარგლებში გამოცხადებული სასკოლო კონკურსის გამარჯვებული სკოლების მიერ ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციისკენ მიმართული მინი-პროექტების განხორციელება წარმატებით დასრულდა.  

ბორჯომის პირველი საჯარო სკოლის ინიციატივა - "ბორჯომო-საქართველოს მშვენებავ“, გასვლითი თეორიულ-პრაქტიკული აქტივობების მეშვეობით მოსწავლეთა შორის ისტორიულ-კულტურული ძეგლების მნიშვნელობისა და ეროვნული იდენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.

ბორჯომში გამართულ შემაჯამებელ ღონისძიებაზე, მინი-პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებული ისტორიულ-კულტურული ძეგლების შესახებ და დამსწრე საზოგადოებას გასვლითი აქტივობების ამსახველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი წარუდგინეს.

რაც შეეხება ქალაქ თელავის მეოთხე საჯარო სკოლის პროექტს, მათი სასკოლო ინიციატივა სახელწოდებით "მრავალფეროვნება გვაძლიერებს“, ეროვნული და კულტურული იდენტობის, ტოლერანტობისა და თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.

აღნიშნული სასკოლო პროექტის დასკვნითი ღონისძიება თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა. შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც პროექტის განმახორციელებელი სკოლის მოსწავლეებმა, ისე პროექტში ჩართულმა ჯოყოლოს საჯარო სკოლის, ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და უდიების თემის წარმომადგენლებმა. ღონისძიებას მუსიკალურად ალვანის ფოლკლორული ანსამბლი აფორმებდა.

გამარჯვებულ სასკოლო ინიციატივებს შორის იყო ასევე ზუგდიდის მეცხრე საჯარო სკოლის მინი-პროექტი - "ყველა განსხვავებული - ყველა თანაბარი“, რომელიც მოძრავი თოჯინების თეატრის შექმნასა და რეგიონის მასშტაბით ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თემატიკაზე წარმოდგენების გამართვას ისახავდა მიზნად.

გარდა ამისა, ზუგდიდის საჯარო სკოლის პროექტმა მოსწავლეებში სასცენო ხელოვნების პოპულარიზაციასა და წიგნიერების დონის ამაღლებას, შემოქმედებითი,  კრიტიკული და ინოვაციური აზროვნების განვითარებას შეუწყო ხელი. პროექტის დასკვნით ღონისძიებას რეგიონის სხვა სკოლების მოსწავლეები, მათი მშობლები და თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღნიშნული მინი-პროექტების განსახორციელებლად საჭირო ფინანსები თელავის მეოთხე, ბორჯომის პირველ და ზუგდიდის მეცხრე საჯარო სკოლებს "ევროპის უნივერსიტეტის“ მხრიდან ქვე-გრანტების სახით გადაეცა. ერაზმუს+ ჟან მონეს პროექტი - "ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში“ თანადაფინანსებულ იქნა ევროკავშირის მხრიდან და განხორციელდა "ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ.

გააზიარე გვერდი: