ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ლექტორების მობილობა მალაგას უნივერსიტეტში ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში
ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ლექტორები, აფილირებული პროფესორი მაია მანწკავა და მოწვეული ლექტორი ნინო პავლიაშვილი 2021 წლის 7 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით, ერასმუს+ აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში, პარტნიორ მალაგას უნივერსიტეტში (ესპანეთი) გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდნენ.
მობილობის ფარგლებში ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ლექციები ჯანდაცვის ინჟინერიის ესპანელი სტუდენტებისთვის და მალაგას უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს.
ნინო პავლიაშვილმა ესპანელი სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციები სამეცნიერო სტატიის მომზადების, შესაბამის სამედიცინო ჟურნალში განთავსებისა და პროცესის მართვის შესახებ. მოცემულ თემასთან ერთად მოკლედ განხილულ იქნა მონათესავე საკითხები – პუბლიკაციის დაცვის უზრუნველყოფა, სტატისტიკური ანალიზი და ზეპირი პრეზენტაცია.
მაია მანწკავამ წაიკითხა ლექციები კოვიდ უსაფრთხოებაზე სამეცნიერო და სამედიცინო კუთხით, რომლებიც კოვიდ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩატარებულ ფართო და მნიშვნელოვან კვლევებს ეფუძნება. პროფესორი მანწკავა ასევე შეუთანხმდა ესპანელ კოლეგებს სამომავლო პროექტზე მუშაობასთან დაკავშირებით, რაც ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე მალაგას უნივერსიტეტის შესაბამისი სამედიცინო აპარატურის ლიზინგს გულისხმობს. პროექტის კოორდინატორად მოაზრებული იქნა მედიცინის დოქტორი ნინო პავლიაშვილი.
მობილობის პერიოდში მოხდა მალაგას უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის გაცნობა, შედგა ვიზიტი საუნივერსიტეტო კლინიკის პათოლოგიური ანატომიის განყოფილებაში, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა აღჭურვილობისა და პერსონალის პროფესიონალიზმის კუთხით. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ქირურგიის, თერაპიის, დერმატოლოგიისა და სხვა განყოფილებების დათვალიერება. ქართველმა და ესპანელმა პროფესორებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, რაც ასევე შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს საქართველოში მსგავსი ტიპის სამედიცინო დაწესებულების მუშაობის შეფასებისას.
ორივე ლექტორმა აღნიშნა, რომ მათთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ეს ვიზიტი აკადემიური და კულტურული გამოცდილების გაზიარებისა და გაღრმავების კუთხით. ასევე გამოიკვეთა აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის ახალი კონტურები მალაგას უნივერსიტეტთან, რასაც უფრო გაამყარებს მომავალში ესპანური უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოში.