ევროპის უნივერსიტეტისა და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ესსეების კონკურსის შედეგები ცნობილია

ევროპის უნივერსიტეტისა და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული, ესსეების კონკურსის შედეგები ცნობილია. 

კონკურსი თემაზე "საქართველოს ევროპული მომავალი“, "ევროპის დღეები 2021“-ის ფარგლებში ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ მე-11 - მე-12 კლასის მოსწავლეები, როგორც კერძო, ასევე საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან. 

კონკურსის მიზანს ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია და მოსწავლეებში ევროინტეგრაციის პროცესებისადმი, ევროპულ ოჯახთან საქართველოს დაახლოების მნიშვნელობისადმი ცნობადობის ამაღლება, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, როგორც ევროპული ღირებულებების გააზრება წარმოადგენდა.

კონკურსში მონაწილეთა 75%-მა 21-ქულიანი ბარიერი წარმატებით გადალახა და მეორე ეტაპზე გადავიდა. სპეციალურად მოწვეული კომისიის ჩართულობით კი გამოვლინდნენ გამარჯვებულები: ხატია ბალხამიშვილი, (ქ. კასპის #2 საჯარო სკოლა), ელენა პეტროსიანი, (ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლა), ნინო ხიდაშელი, (ქ.თბილისის #191 საჯარო სკოლა), ირაკლი კეთილაძე, (ქ. თბილისი, 72-ე საჯარო სკოლა), ანანო ჯაფარიძე, (მესტიის წმ.ილარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა გიმნაზია).

აღსანიშნავია, რომ ესსეების კონკურსის მიმდინარეობისას, დაანონსებული იყო, რომ გამარჯვებულები სიმბოლურად, 9 მაისს, "ევროპის დღეს" გამოვლინდებოდნენ და მათი დაჯილდოება საზეიმო ვითარებაში გაიმართებოდა, თუმცა შექმნილი პანდემიური ვითრებიდან გამომდინარე პროცესი დროში გახანგრძლივდა. 

ევროპის უნივერსიტეტი საფრანგეთის საელჩოსთან ერთად დაჯილდოების ცერემონიალს გამართავს, რომლის თარიღიც, კონკურსის მონაწილეებს უახლოეს პერიოდში ეცნობებათ.

9 მაისი, როგორც "ევროპის დღე", 1950 წლიდან აღინიშნება, როდესაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა, პარიზში წამოაყენა ევროინტეგრაციის იდეა და შეიქმნა ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება, რომელიც შემდგომში ჩამოყალიბდა,  როგორც ევროკავშირი და დღეს 27 ქვეყანას აერთიანებს.

გააზიარე გვერდი: