ევროპის უნივერსიტეტის ონლაინ ზამთრის სკოლის მონაწილეებს კარლ ჰარცელმა, არჩილ თალაკვაძემ და დავით ზალკალიანმა მიმართეს
ევროპის უნივერსიტეტი ონლაინ ზამთრის სკოლას, "ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია: საქართველო და ევროკავშირი“, იწყებს.
ზამთრის სკოლა დღეს გაიხსნა და მის მონაწილეებს ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ტალიაშვილმა, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიმართეს.
"ონლაინ ზამთრის სკოლა „ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია: ევროკავშირი და საქართველო” არის ევროპის უნივერსიტეტისა და ევროკავშირის თანამშრომლობის პირველი ხელშესახები შედეგი, რომლითაც ჩვენი უნივერსიტეტი ძალიან ამაყობს.
ზამთრის სკოლის ფარგლებში, თქვენ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორებისგან ინტერაქციულ რეჟიმში მიიღებთ ინფორმაციას საქართველოს ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თემატური საკითხების, საქართველოს ევროპული საგარეო და რეგიონული პოლიტიკისა და ევროპეიზაციის თანამედროვე გამოწვევების შესახებ. თავიანთ პრაქტიკულ გამოცდილებას გაგიზიარებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები და დარგის სპეციალისტები", - მიმართა მონაწილეებს ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ტალიაშვილმა.
ზამთრის სკოლა ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება, რომელმაც ერასმუს პლიუსის ჟან მონეს პროგრამის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა ევროკავშირის საგრანტო კონკურსის ფარგლებში (მოდულის N: 620916-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-MODULE). აღნიშნული მოდული ასევე ითვალისწინებს აკადემიური გუნდის მიერ კვლევის ჩატარებას და კონფერენციის გამართვას.