ევროპის უნივერსიტეტის წარმატება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში

2021-2022 წლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტსა და ესპანეთის მალაგას უნივერსიტეტს შორის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლა მოხდება.

ერთი კვირის განმავლობაში, ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორები ლექციებს ჩაატარებენ მალაგას უნივერსიტეტის სამედიცინო ინჟინერიის პროგრამის სტუდენტებისთვის. 

გაცვლითი პროგრამა ასევე ითვალისწინებს აკადემიური გამოცდილების გაზიარებას ქართველ და ესპანელ პროფესორებს შორის ბიომედიცინის, სამედიცინო ინჟინერიისა და ბიოინოვაციების კუთხით.

პროგრამის ფარგლებში, ესპანელი პროფესორები და ადმინისტრაციული პერსონალი ასევე ეწვევიან ევროპის უნივერსიტეტს და ლექციებს ჩაატარებენ ქართველი სტუდენტებისთვის, ასევე საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ქართველ კოლეგებს.

მალაგას უნივერსიტეტი ერთ-ერთი ცნობილი უნივერსიტეტია ესპანეთსა და ევროპაში, რომელიც გამორჩეულია აკადემიური პროგრამების მრავალფეროვნებითა და ბიოტექნოლოგიური და ნანომედიცინის მიმართულებით მომუშავე კვლევითი ცენტრებით.

ორივე მხრიდან პერსონალის მივლინების ხარჯები, სრულად ფინანსდება ევროკავშირის ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში. საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად, სწორედ განათლების სფეროში ქართულ და ევროპულ უნივერსიტეტებს შორის ერაზმუს+ პროგრამის კუთხით თანამშრომლობა მიიჩნევა, რაც ევროპის უნივერსიტეტებში ქართველი სტუდენტების სწავლის ევროკავშირის მიერ დაფინანსებასა და ევროპელ და ქართველ აკადემიურ პერსონალს შორის გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს, ასევე ევროპელი სტუდენტების სწავლას ქართულ უნივერსიტეტებში.

 

 

გააზიარე გვერდი: