ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით, კონფერენცია სახელწოდებით "მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები" გაიმართა

2018 წლის 17 მაისს, ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით, კონფერენცია სახელწოდებით "მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები" გაიმართა. ღონისძიება "სამართლის საერთაშორისო კვირეულის" ფარგლებში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ს მოსამართლეებმა, საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგნელებმა და სამართლის პრაქტიკოსებმა. კონფერენციაზე საუბარი შეეხო საქართველოს სამართლებრივ სისტემას, მოხდა პარალელების გავლება აშშ-სა და საქართველოს სასამართლო პრაქტიკებს შორის, ხაზი გაესვა ქართული მართლმსაჯულების მიღწევებსა და გამოწვევებს.

ღონისძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების  დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ნადარეიშვილიც ესწრებოდა. მან აღნიშნა, რომ კონფერენციის ფარგლებში გამოიკვეთა თუ როგორ მოქმედებს და რას ეყრდნობა ამერიკული მართლმსაჯულება:

"მათი ხედვები, ანალიზი, პრაქტიკული გამოცდილება თუ მორგებული იქნება ქართულ სამართლებრივ სივრცეს, შემდგომში შესაძლებელი იქნება გამოყენებული იყოს უშუალოდ პრაქტიკაში".

ამერიკელმა მოსამართლემ, ჯეკ რაისმა კი ხაზი გაუსვა სასამრთლო ადმინისტრაციის, პროკურორების, მოსამართლეებისა და ადვოკატების მიერ მოქალაქეების სათანადო მომსახურების მნიშვნელობას. მისი თქმით, მთავარია, რომმოქალაქეებმა თავი დაცულად იგრძნონ. 

ევროპის უნივერსიტეტის მოწვევით, აშშ-ს სასამართლო კორპუსის წარმომადგენლები თბილისში ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, 15 მაისს, მათ შეხვედრები გამართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარესთან, საქართველოს მთავარ პროკურორთან, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანსა და საბჭოს წევრებთან, ასევე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან. გარდა ამისა, 16 მაისს, აშშ-დან მოწვეულმა მოსამართლეებმა მასტერკლასი გამართეს, მათ აშშ-ს გამოცდილება გაუზიარეს ქართველი სამართალმცოდნეების, არასამთავრობო და სამთავრობო უწყებების წარმომადგნელებისა და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. 


გააზიარე გვერდი: