ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით, აშშ-ს მოსამართლეებმა შეხვედრები სახელმწიფო სტრუქტურებში გამართეს
2018 წლის 15 მაისს, ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით, ამერიკელი მოსამართლეები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანსა და საბჭოს წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქართული სასამართლოს გამოწვევებზე, მათ შორის ნაფიცი მსაჯულებისა და მოსამართლეების გადამზადებასა და სადისციპლინო საქმისწარმოებაზე. "სამართლის საერთაშორისო კვირეულის" ფარგლებში, აშშ-ს სასამართლო კორპუსის წარმომადგენლები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარეს, საქართველოს მთავარ პროკურორს, ასევე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს შეხვდნენ.
ამავე ვიზიტის ფარგლებში, 16 მაისს, ევროპის უნივერსიტეტში ქართველი სამართალმცოდნეები აშშ-ს მოსამართლეების მასტერკლასებს დაესწრნენ. ღონისძიებაზე , რომელიც მთელი დღის განმავლობაში ლექციებისა და დისკუსიების სახით წარიმართა, საუბარი შემდეგ საკითხებს შეეხო: აშშ-ს საარჩევნო პროცესი, სისხლის სამართალწარმოება აშშ-ში, იურიდიული განათლება და სხვ.
17 მაისს კი, ბილტმორ თბილისში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით - „მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები“. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.