"ევროპის უნივერსიტეტს" პროექტის - "ვეტერინარული განათლების პროგრამების განვითარება" ფარგლებში სტუმრები ეწვივნენ
18 დეკემბერს "ევროპის უნივერსიტეტს" სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის პროექტის - "ვეტერინარული განათლების პროგრამების განვითარება" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მიერ, მსოფლიო ბანკის უმაღლესი განათლების ეკონომისტი შირო ნაკატა, მსოფლიო ბანკის რეგიონული ოფისის განათლების სპეციალისტი ანა ბერძენაძე, კონკურენტული ინოვაციების ფონდის განათლების სპეციალისტი ნაზი ფარსადანიშვილი და კონკურენტული ინოვაციების ფონდის ფინანსური სპეციალისტი გიორგი სიხარულიძე ეწვივნენ.
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ორი უსდ-ის "ევროპის უნივერსიტეტისა" და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწას და გაძლიერებას. პროცესის შედეგად მიზნად ისახება შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადება და შეთავაზება, რაც ხელს შეუწყობს ვეტერინარიის დარგის განვითარებას ქვეყანაში.
შეხვედრას "ევროპის უნივერსიტეტის" საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი მარიამ ორჯონიკიძე, პროექტის მენეჯერები - ლევან ციცქიშვილი და მაია კერესელიძე და "ევროპის უნივერსიტეტის" რექტორი ნინო ტალიაშვილი დაესწრნენ. ვიზიტის ფარგლებში განიხილეს პროექტის განხორციელების ეტაპები, შეაფასეს შესრულებული სამუშაო და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ლაბორატორიები დაათვალიერეს.