დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტები გერმანიაში ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღებენ მონაწილეობას
"ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტის მიერ გერმანიაში გლობალური ჯანდაცვის მიმართულებით ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია.
კონკურსის შედეგად დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტები, ანა ენუქიძე და ჯანის ხანი, 12-13 ოქტომბერს ბერლინში, აკონის უნივერსიტეტში, საერთაშორისო სიმპოზიუმს დაესწრებიან.
შერჩეულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ წარადგინონ თავიანთი სამეცნიერო მოხსენებები. გარდა ამისა, ისინი 13-15 ოქტომბერს მსოფლიო ჯანმრთელობის სამიტს დაესწრებიან, რომელიც არის უნიკალური საერთაშორისო სტრატეგიული ფორუმი გლობალური ჯანმრთელობისთვის.
სამიტზე ყოველწლიურად წარმოდგენილი არიან ისეთი მნიშვნელოვანი პირები, როგორიცაა, მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის პრეზიდენტი, ჯანდაცვის მინისტრები და სხვა გადაწყვეტილების მიმღები პირები.
პროექტის ფარგლებში "ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტების მგზავრობის და სასტუმროში განთავსების ხარჯები სრულად ფინანსდება გერმანული მხარის მიერ.