ჟან მონეს საზაფხულო აკადემია "EnlargEU" წარმატებით დასრულდა
ჟან მონეს საზაფხულო აკადემიის ფარგლებში, ხუთი დღის განმავლობაში, მიმდინარეობდა ლექციები და ინტერაქტიული სესიები, რომლებსაც უძღვებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. დაახლოებით 150 მონაწილე ჩაერთო სიღრმისეულ დისკუსიებში ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისა და პრაქტიკის შესახებ.
აკადემიას “ევროპის უნივერსიტეტის” ასოცირებული პროფესორი და ჟან მონეს მოდულის კოორდინატორი თათია დოლიძე ხელმძღვანელობდა.
აკადემიაში მონაწილეობდნენ ისეთი გამორჩეული მომხსენებლები, როგორებიც არიან: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის (GFSIS) ევროკავშირის კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი; CEPS-ის (ბრიუსელი, ბელგია) და ICDS-ის (ტალინი, ესტონეთი) უფროსი მეცნიერ თანამშრომელი და ევროპის კოლეჯის (ბრიუგე და ნატოლინი) პროფესორი სტივენ ბლოკმანსი; ეკონომიკისა და გეოპოლიტიკის პროფესორი და მკვლევარი ISG - Institut Supérieur de Gestion-ში (ტულუზა, საფრანგეთი) ფრანსუა მასკლანისი; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი და “ევროპის უნივერსიტეტის” ასოცირებული პროფესორი ლევან მახაშვილი; CEPS-ის (ბრიუსელი, ბელგია) მკვლევარი და ევროპის კოლეჯისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ISET-ის მოწვეული პროფესორი თინათინ ახვლედიანი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და დარგობრივი ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი; იენის უნივერსიტეტის (გერმანია) მკვლევარი და GIP-ის (თბილისი, საქართველო) უფროსი ანალიტიკოსი ბიძინა ლებანიძე.
აკადემიის დასასრულს მონაწილეებმა გამოხატეს დიდი მადლიერება და კმაყოფილება. მათ აღნიშნეს, რომ აკადემიამ მნიშვნელოვნად გააღრმავა მათი ცოდნა ევროკავშირის შესახებ. მათი თქმით, ლექციები იყო ინფორმაციული, საინტერესო და ადვილად გასაგები, ინტერაქტიული ფორმატი (კითხვა-პასუხი, ჯგუფური აქტივობები) კი ძალიან სასარგებლო. მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ დახვეწეს ანალიტიკური უნარები და კრიტიკული აზროვნება, ასევე პროგრამამ გააძლიერა მათი რწმენა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ. ბევრმა აღნიშნა, რომ ეს იყო მათთვის უნიკალური გამოცდილება.
დადებითი უკუკავშირი ხაზს უსვამს აკადემიის წარმატებას მონაწილეებისთვის ფასეული ცოდნის მიწოდების, მათში კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობისა და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისა თუ პრაქტიკის უფრო ღრმა გააზრების წახალისების თვალსაზრისით.