"ევროპის უნივერსიტეტი" "TIMES HIGHER EDUCATION IMPACT RANKINGS 2024" მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგშია
"ევროპის უნივერსიტეტი“ პრესტიჟული სარეიტინგო ბაზის - Times Higher Education (THE) Impact Rankings-ის მსოფლიოს 125 ქვეყნიდან გამოვლენილი საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგების 2024 წლის გამოშვებაში მოხვდა.
ყოველწლიურად, Times Higher Education აქვეყნებს უნივერსიტეტების საერთო რეიტინგს და ასევე მდგრადი განვითარების 17 მიზნისთვის შესაბამის ცხრილს, სადაც ნაჩვენებია უნივერსიტეტების პროგრესი თითოეული მიმართულებით.
2024 წლის გამოშვებაში "ევროპის უნივერსიტეტი“ ხარისხიანი განათლების კატეგორიაში საქართველოში პირველია. მსოფლიოს მასშტაბით კი „ევროპის უნივერსიტეტი“ 1501+ ადგილზეა და მდგრადი განვითარების ოთხ კატეგორიაში შემდეგ პოზიციებზეა წარმოდგენილი:
SDG 4: ხარისხიანი განათლება / Quality Education (1001 – 1500)
25.7 – 44.1 ქულით „ევროპის უნივერსიტეტი“ 1001-1500 პოზიციაზეა მეოთხე კატეგორიაში და საქართველოს მასშტაბით პირველ ადგილს იკავებს. SDG4-ის მიზანია უსაფრთხო, ინკლუზიური და პოზიტიური გარემოს შექმნა განათლებაში და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობა ყველასთვის.
SDG 5: გენდერული თანასწორობა / Gender Equality (601 – 800)
42.1 – 48.1 ქულით "ევროპის უნივერსიტეტი" 601-800 პოზიციაზეა მეხუთე კატეგორიაში. SDG5-ის მიზანია ქალთა მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრა, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა სრული მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა მიღების ყველა დონეზე ლიდერობისათვის თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფა.
SDG 16: მშვიდობა, სამართლიანობა, ძლიერი ინსტიტუციები / Peace, Justice and Strong Institutions (601 – 800)
39.6 – 51.2 ქულით "ევროპის უნივერსიტეტი“ 601-800 პოზიციაზეა მეთექვსმეტე კატეგორიაში. SDG 16-ის მიზანია მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა ყველა დონეზე.
SDG 17: გლობალური თანამშრომლობა / Partnerships for the Goals (1501+)
1.7 – 36.8 ქულით "ევროპის უნივერსიტეტი“ 1501+ პოზიციაზეა მეჩვიდმეტე კატეგორიაში. SDG 17-ის მიზანია ძლიერი საერთაშორისო პარტნიორობის ჩამოყალიბება, რომელიც მხარს უჭერს მდგრად განვითარებას სხვადასხვა სექტორში.
"ევროპის უნივერსიტეტი“ Times Higher Education (THE) Impact Rankings 2024-ში მოხვედრით კიდევ ერთხელ ამტკიცებს თავის ერთგულებას მსოფლიოს ყველაზე აქტუალურ გამოწვევებთან ბრძოლაში, რაც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი მდგრადობის, სოციალური ინკლუზიის, ეკონომიკური ზრდისა და პარტნიორობის ჩამოყალიბებას მსოფლიოს მასშტაბით.