"ევროპის უნივერსიტეტს“ ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში ზაგრების უნივერსიტეტის პროფესორები ეწვივნენ
2 მაისს ზაგრების უნივერსიტეტის (ხორვატია) პროფესორები "ევროპის უნივერსიტეტს“ ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში ეწვივნენ.
მობილობის ფარგლებში, ასოცირებულმა პროფესორმა და ვიცე-დეკანმა, იაკშა კრისტომ (საფინანსო დეპარტამენტი), პროფესორმა და ვიცე-დეკანმა, ზორან კრუპკამ (მარკეტინგის დეპარტამენტი), პროფესორმა, გორან ვლაშიჩმა (მარკეტინგის დეპარტამენტი) და ასოცირებულმა პროფესორმა, ზორან ვიტინემ (საერთაშორისო ეკონომიკის დეპარტამენტი) ლექციები წაიკითხეს "ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის.
ვიცე-დეკანმა იაკშა კრისტომ, "ევროკავშირის ფინანსური სისტემის გამოწვევების და სტრუქტურის“ შესახებ, გამართა ლექცია სტუდენტებისათვის. ვიცე-დეკანმა ზორან კრუპკამ კი სტუდენტებთან განიხილა "ბრენდის მართვა: ემოციური ბრენდირება“.
პროფესორმა გორან ვლაშიჩმა კოლეგებთან და თანამშრომლებთან ლექცია ჩაატარა "სტუდენტებში კრეატიულობისა და ინოვაციურობის განვითარების” მიმართულებით, ხოლო ზორან ვიტინემ კოლეგებთან „განათლების სფეროში სოციალური ინოვაციების“ შესახებ ისაუბრა.
ლექციები ინტერაქციული ხასიათით გამოირჩეოდა და ცოდნის გაცვლისა და პროფესიული განვითარებისთვის ხელსაყრელ შესაძლებლობას წარმოადგენდა. ყველა მონაწილეს გადაეცა დასწრების სერტიფიკატი.
თანამშრომლობის მსგავსი პლატფორმები, სტუდენტებსა და უნივერსიტეტის პერსონალს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას გაიზიარონ ევროპული პერსპექტივები და ასევე ხაზს უსვამს „ევროპის უნივერსიტეტის" ერთგულებას განათლებისა და პროფესიული განვითარების ხარისხის ამაღლების მიმართ.