"ევროპის უნივერსიტეტში" ცხოველების ზრუნვასთან დაკავშირებით უფროსკლასელებისთვის ესეების კონკურსი გაიმართა

13 აპრილს, "ევროპის უნივერსიტეტის" სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტური კლუბის "ვეტეუქეარს" პროექტის "ჩვენ ვზრუნავთ ცხოველებზე, თქვენ?!" ფარგლებში უფროსკლასელებისთვის ესეების კონკურსი გაიმართა.

კონკურსში 30-მდე აპლიკანტმა მიიღო მონაწილეობა.

კონკურსის მონაწილეებმა ადგილზე გაიგეს ესეს სათაურები, მათ სამი შესაძლო ვარიანტიდან ამოარჩიეს ერთი, რომლის შესასრულებლად 2 საათი ჰქონდათ.

ესეს თემები იყო:

  • ჩემი თვალით დანახული ცხოველთა სამყარო;
  • ცხოველი მიყვარს, თუ ვალდებული ვარ ვიზრუნო მასზე?
  • რას ვაკეთებ ცხოველების საკეთილდღეოდ?

ესეების კონკურსის მიზანია სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის, ვეტერინარიის დარგის მნიშვნელობის, ცხოველებთან ლოიალური დამოკიდებულების შესახებ ცნობადობისა და მის მიმართ ნდობის ამაღლება.

მოსწავლეების მიერ შესრულებულ ესეებს სპეციალურად შედგენილი კომისია შეაფასებს და გამოვლინდებიან I, II, III ადგილოსნები. საპრიზო ნომინაციებში გამარჯვებულები "ევროპის უნივერსიტეტისგან“ დასაჩუქრდებიან.

მონაწილეების დაჯილდოება გაიმართება 20 აპრილს. დაჯილდოების ცერემონიაზე ყველა კონკურსანტს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემა.

"ვეტეუქეარსის" პროექტი სკოლებში ორი თვის განმავლობაში ხორციელდებოდა. პროექტის ფარგლებში "ევროპის უნივერსიტეტის“ ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ცხოველებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვდნენ უფროსკლასელებს, ასევე ვეტერინარიით დაინტერესებულ აბიტურიენტებს უმასპინძლეს უნივერსიტეტში და მათთვის პრაქტიკული ვორქშოპები ჩაატარეს.

ესეების კონკურსი წარმოადგენს პროექტის "ჩვენ ვზრუნავთ ცხოველებზე, თქვენ?!" დასკვნით ეტაპს.

გააზიარე გვერდი:

Hello World!