პროფესორი დავით მალიძე „ევროპის უნივერსიტეტის“ კლინიკური დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა

„ევროპის უნივერსიტეტის“ აფილირებული პროფესორი დავით მალიძე  კლინიკური დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.

დავით მალიძემ 1985 წელს დაამთავრა „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის“ სამკურნალო ფაკულტეტი. 1999 წელს დაასრულა კიევის დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკური კარდიოლოგიის კურსი. 1997 წელს გაიარა ექოკარდიოგრაფიის კურსი (Echo CG), ხოლო, 1999-2000 წლებში არითმოლოგიის კურსი. 2003 წელს დაიცვა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი კარდიოლოგიის მიმართულებით თემაზე - “უეცარი სიკვდილის პროგნოზირება არასტაბილური სტენოკარდიის დროს”, ხოლო 2007 წელს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
დავით მალიძე არის “ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების” (ESC), “ევროპის პერკუტანეული კარდიოვასკულური  ინტერვენციული ასოციაციის” (EAPCI), “საქართველოს გადაუდებელი დახმარების ექიმების კოლეჯის” (GCEP) და ასევე, “საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის” წევრი.

1992-1997 წლებში იყო ავსტრიის კომპანია „მარკო პოლოს“ სამედიცინო მენეჯერი, 1999-2003 წლებში “უკრაინის ნაციონალური სამედიცინო ცენტრი აკად. მ.დ. სტრაჟესკოს სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტის” ექიმი – მეცნიერ თანამშრომელი.

1997 წელს, კიევში (უკრაინა), მონაწილეობდა სიმპოზიუმში - „მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი და თრომბოლიზი“, 1998 წელს MSD სიმპოზიუმში „გულის იშემიური დაავადების, არტერიული ჰიპერტენზიის და გულის უკმარისობის“ შესახებ და აგრეთვე, მონაწილეობდა 1-ელ უკრაინულ სიმპოზიუმში თემაზე „ელექტროფიზიოლოგია“.

2004 წელს გაიარა სტაჟირება ჰამბურგის ეპენდორფის საუნივერსიტეტო კლინიკაში სამგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფიის განხრით, ხოლო 2005 წელს გამოაქვეყნა სტატია “სამგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფიის კლინიკური აპრობაცია საქართველოში: მეთოდის უპირატესობები და შეზღუდვები”.

2006 წელს პირველად საქართველოში, კოლეგებთან ერთად, აღწერა და გამოაქვეყნა სტატია „ბრუგადის სინდრომის პირველი შემთხვევა საქართველოში: კლინიკური და მოლეკულურ-გენეტიკური დადასტურება”.

დავით მალიძის სახელს უკავშირდება პუბლიკაციები: არითმიების, გულის უეცარი გაჩერების, ელექტროფიზიოლოგიის, არასტაბილური სტენოკარდიის, მიოკარდიუმის ინფარქტის, გულისცემის ცვალებადობის, არტერიული ჰიპერტენზიის პრობლემების, გულის უკმარისობის და პერსპექტიული დაკვირვების შესახებ, რომლებიც არაერთ ქართულ და უცხოურ პრესტიჟულ ჟურნალებშია გამოქვეყნებული.

გააზიარე გვერდი:

Hello World!