„ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში“ "ევროპის უნივერსიტეტის“ აფილირებული ასისტენტ-პროფესორების წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში "ევროპის უნივერსიტეტის” ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, აფილირებული ასისტენტ-პროფესორის ბაია კუბლაშვილის და აფილირებული ასისტენტ-პროფესორის თამარ მაღლაკელიძის წიგნის "სწავლა-სწავლება უმაღლესი განათლების საფეხურზე“ რიგით მეორე პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები, საჯარო და კერძო უნივერსიტეტების პროგრამების ხელმძღვანელები და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.

შეხვედრა "ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, ნათია ჯოჯუამ, გახსნა. რის შემდეგაც, დამსწრე საზოგადოებას ავტორებმა წიგნის შინაარსი და მისი მნიშვნელობა გააცნეს. საჯარო პრეზენტაცია წიგნის სამეცნიერო რედაქტორმა, "ევროპის უნივერსიტეტის“ აფილირებულმა ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი გერგაულმა შეაჯამა.

წიგნი "ევროპის უნივერსიტეტის“ მხარდაჭერით მომზადდა და წარმოადგენს საქართველოში პირველ სამეცნიერო ნაშრომს, რომელიც დაინტერესებულ პირებს, მათ შორის მეცნიერებს, აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს, სთავაზობს უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლა-სწავლების პროცესის დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ თეორიულ მიმოხილვას და სფეროში ჩატარებული ბოლოდროინდელი კვლევის მიგნებებს.

პროექტის ფარგლებში მომზადებული სამეცნიერო ნაშრომი წარმოდგენილი იქნება როგორც ელექტრონული, ასევე ბეჭდური სახით. ელექტრონული ვერსია განთავსებულია“ევროპის უნივერსიტეტის" ვებგვერდზე და ელექტრონული ბიბლიოთეკის ბაზაში. ბეჭდური ვერსია გავრცელდება საქართველოს 50 სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. წიგნის ბეჭდური ვერსია ასევე გადაეცა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას და ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას.

წიგნი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის “საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ” ფარგლებში გამოიცა.

გააზიარე გვერდი:

Hello World!