"ევროპის უნივერსიტეტის" წარმომადგენლები საფრანგეთში პარტნიორ IGS ჯგუფს ეწვივნენ
"ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით თათია დოლიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მენეჯერთან მარიამ მანიასთან ერთად IGS ჯგუფის ლიონის კამპუსს (საფრანგეთი) სამუშაო ვიზიტით ეწვია. ვიზიტი "ერაზმუს+" ადმინისტრაციული პერსონალის ტრენინგ მობილობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი "ევროპის უნივერსიტეტსა“ და საფრანგეთის IGS ჯგუფს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას.
უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა IGS ჯგუფის საერთაშორისო მობილობების, პროექტებისა და პარტნიორობის დეპარტამენტის უფროსთან ვალიდა მეცრისთან და საერთაშორისო ურთიერთობებისა და "ერაზმუს+" კოორდინატორთან სოფი ლომესთან შეხვედრები გამართეს.
მხარეები ინტერნაციონალიზაციის სხვადასხვა აქტივობაში ჩართულობაზე შეთანხმდნენ, მათ შორის, სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობების, ასევე, სტუდენტების სტაჟირების მიმართულებით. "ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებსა და თანამშრომლებს IGS ჯგუფის სამ კამპუსში - პარიზში, ტულუზსა და ლიონში, შესაბამისად, სწავლისა თუ სწავლებისა და პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა ექნებათ. თავის მხრივ, "ევროპის უნივერსიტეტი" IGS ჯგუფის სტუდენტებსა და თანამშრომლებსაც უმასპინძლებს.
გარდა ამისა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შემუშავებულ იქნა სპეციალური სქემა მოწყვლადი ჯგუფის სტუდენტების საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წასახალისებლად. სქემის მიხედვით გათვალისწინებულია კონკრეტული კვოტებისა და დამატებითი დაფინანსების უზრუნველყოფა "ევროპის უნივერსიტეტის“ მოწყვლადი სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის. საპასუხოდ, "ევროპის უნივერსიტეტმა" გამოთქვა მზაობა, მიიღოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტები საფრანგეთიდან. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: პანდუსებით, კიბის მოაჯირებით და მოცურების საწინააღმდეგო ლენტებით, ადაპტირებული სველი წერტილებით, ფართო კარებით, სპეციალიზებული ლიფტები ბრაილის შრიფტით და შშმ პირთათვის სპეციალურად განკუთვნილი პარკირების ადგილებით.
ამასთან, ვიცე-რექტორ თათია დოლიძეს, რომელიც იმავდროულად "ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელია, მიეცა შესაძლებლობა, შეეფასებინა მისი სტუდენტის, IGS ჯგუფის ლიონის ოფისში სტაჟირებით მყოფი ბექა გელდიაშვილის სამუშაო გარემო. პარტნიორებმა დადებითად შეაფასეს სტაჟირების პერიოდში სტუდენტის მიერ გამოვლენილი პროფესიონალიზმი, რაც დადასტურებულად შეუწყობს ხელს IGS ჯგუფის მიერ „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისათვის სტაჟირების გავლის კუთხით შესაძლებლობების გაფართოებას.
მიმდინარე წლის ივლისში დაგეგმილია IGS ჯგუფის წარმომადგენელთა საპასუხო ვიზიტი "ევროპის უნივერსიტეტში“. ვიზიტის ფარგლებში, ფრანგ კოლეგებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე გაეცნონ უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურას და პირადად შეხვდნენ შესაბამის ადმინისტრაციულ თუ აკადემიურ პერსონალს.
აღსანიშნავია, რომ IGS ჯგუფი წარმოადგენს 200-ზე მეტი პროგრამის, 10 სკოლისა და 5 სასწავლო ცენტრის გამაერთიანებელ ქოლგა ორგანიზაციას, რომელიც თანამშრომლობს მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტ უნივერსიტეტთან, მათ შორის „ევროპის უნივერსიტეტთან“ საქართველოდან და 45 წელზე მეტია, უზრუნველყოფს განსაკუთრებულ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს.