"ევროპის უნივერსიტეტის" კურსდამთავრებულებისთვის REUNION წვეულება გაიმართა

2023 წლის 6 მარტს "ევროპის უნივერსიტეტის" კურსდამთავრებულთა REUNION წვეულება გაიმართა. ღონისძიების მიზანი კურსდამთავრებულთათვის უნივერსიტეტში არსებული სიახლეების,  სამომავლო გეგმების, განახლებული სერვისებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პერსპექტივებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება იყო.

ღონისძიების ფარგლებში, კურსდამთავრებულებს სიტყვით უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ტალიაშვილმა, ვიცე-რექტორმა ხარისხის განვითარების მიმართულებით სოფო ხუნდაძემ და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ბაქრაძემ მიმართეს. 

რექტორმა ნინო ტალიაშვილმა კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტში არსებული სიახლეები და სამომავლოდ დასახული გეგმები გააცნო. ვიცე-რექტორმა უნივერსიტეტის პროგრამების განვითარების ნაწილში კურსდამთავრებულების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელმა კი კურსდამთავრებულებს განახლებული სერვისების შესახებ გააცნო ინფორმაცია და  დასაქმებისა და კარიერული განვითარების პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.

ღონისძიების ფარგლებში, კურსდამთავრებულებმა მოკლე კითხვარები შეავსეს და უნივერსიტეტთან ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის ხედვა დააფიქსირეს. ასევე დაასახელეს ღონისძიებები და სერვისები, რომელთა შეთავაზებასაც უნივერსიტეტის მხრიდან ისურვებდნენ.

წვეულება ლისი მერეს სადღესასწაულო სივრცეში გაიმართა. ღონისძიებას მუსიკალურად მევიოლინე, უნივერსიტეტის ინტერნაციონალური EU ბენდი, YELLOW ბენდი და სპეციალურად მოწვეული DJ აფორმებდნენ.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, "ევროპის უნივერსიტეტის" სხვადასხვა აკადემიური წლების კურსდამთავრებულებს კვლავ მიეცათ შეკრების შესაძლებლობა. წვეულების მთავარი მიზანი კურსდამთავრებულებსა და უნივერსიტეტს შორის უწყვეტი კომუნიკაციის შენარჩუნება იყო.

გააზიარე გვერდი:

Hello World!