"ევროპის უნივერსიტეტის" სამართლის ინსტიტუტის პროექტი რუსთაველის ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

"ევროპის უნივერსიტეტის" სამართლის ინსტიტუტის პროექტმა - "ქართული კონკურენციის სამართალი და პოლიტიკა ციფრული ეკონომიკის ეპოქაში“, რუსთაველის ფონდის 2022 წლის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი მოიპოვა.

კვლევის მიზანს წარმოადგენს კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის ეფექტური აღსრულებისთვის ხელისშემშლელი საკითხების გამოკვეთა, მათი შესწავლა და საუკეთესო პრაქტიკის და ანალიზის საფუძველზე წარმოქმნილი პრობლემების გადასაჭრელად რეკომენდაციების მომზადება, რაც ხელს შეუწყობს კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის ეფექტურ აღსრულებას ციფრული ეკონომიკის ეპოქაში.

ტექნოლოგიური გამოწვევების საპასუხოდ, მსოფლიოში კონკურენციის აღმასრულებელმა სხვადასხვა უწყებებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს. განსაკუთრებით, საყურადღებოა საფრანგეთის და გერმანიის კონკურენციის უწყებების, აგრეთვე ევროკავშირის და აშშ-ის აღმასრულებელი თუ სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებები ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ. აღნიშნულის გათვალიწინებით, აუცილებელია, რომ ქართულმა კონკურენციის პოლიტიკამაც აუწყოს ფეხი ეპოქის გამოწვევებს და ეფექტურად შეასრულოს დაკისრებული მისია.

კვლევას აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო და სასწავლო კომპონენტიც. კერძოდ, დღეისთვის არის ჩამორჩენა კონკურენციის სამართლის შესახებ კვლევების და სასწავლო ლიტერატურის თვალსაზრისით. უფრო მეტიც, არ არსებობს ფუნდამენტური კვლევები ტექნოლოგიების ჭრილში ქართული კონკურენციის სამართლის რეგულირებისა და აღსრულების შესახებ.

ჩატარებული კვლევის შედეგად ქართულ ენაზე მომზადდება დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდება როგორც ელექტრონული, აგრეთვე ბეჭდური სახით.

გააზიარე გვერდი: