"ევროპის უნივერსიტეტში" გიორგი ხელაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა

"ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ჟან მონეს მოდულის - "ევროპეიზაცია, როგორც საქართველოს დემოკრატიზაციის ინსტრუმენტი", ფარგლებში საჯარო ლექციათა სერია დაიწყო.

12 იანვარს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა წაიკითხა ლექცია თემაზე: „საქართველოს საგარეო და რეგიონული ურთიერთობები", რომელსაც "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტები და პარტნიორი სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები დაესწრნენ.

ლექციის დასასრულს სტუდენტები და მოსწავლეები დასწრების სერტიფიკატით დაჯილდოვდნენ. მათ აგრეთვე მიეწოდათ ინფორმაცია მიმდინარე წლის 13-23 თებერვალს დაგეგმილი ჟან მონეს მოდულის რიგით მესამე და ბოლო ზამთრის სკოლაში მონაწილეობის შესაძლებლობის და პირობების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ჟან მონეს მოდული "ევროპეიზაცია, როგორც საქართველოს დემოკრატიზაციის ინსტრუმენტი" თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას უკვე მესამე წელია, "ევროპის უნივერსიტეტის" საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის აკადემიური გუნდი პროფესორ ლევან მახაშვილის ხელმძღვანელობით ახორციელებს.

გააზიარე გვერდი: