ერაზმუს მუნდუსის გრანტის ფარგლებში "ევროპის უნივერსიტეტი" ტურიზმის მენეჯმენტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე მუშაობას იწყებს

ერაზმუს მუნდუსის გრანტის ფარგლებში "ევროპის უნივერსიტეტი" ტურიზმის მენეჯმენტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე მუშაობას იწყებს

"ევროპის უნივერსიტეტი" ერაზმუს მუნდუსის Design Measures ლოტის (EMDM) ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის - "ნელი ტურიზმის მენეჯმენტის" (STM) განხორციელებას იწყებს. პროექტის მთავარი მიზანი ინტეგრირებული ტრანსნაციონალური სამაგისტრო პროგრამის შემუშავებაა და ის 15 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტის საერთაშორისო კონსორციუმი 6 ქვეყნის 7 უნივერსიტეტს მოიცავს. "ნელი ტურიზმის მენეჯმენტის" საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის განხორციელება სემესტრულად სამ უნივერსიტეტში მოხდება, რომელთაგანაც ერთ-ერთი "ევროპის უნივერსიტეტია", დანარჩენი ორი კი გახლავთ პროექტის კოორდინატორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - ვროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტი (პოლონეთი) და აგრეთვე, პანონიის უნივერსიტეტი (უნგრეთი).

პროექტის აკადემიური ასოცირებული პარტნიორები, იიჰლავას პოლიტექნიკური კოლეჯი (ჩეხეთი), ალანიის უნივერსიტეტი (თურქეთი), ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო) და ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი), თავის მხრივ უზრუნველყოფენ პროგრამის ინტერნაციონალიზაციის ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელობა, სტაჟირების ადგილების შეთავაზება, საზაფხულო სკოლებისა და სასწავლო ტურების ორგანიზება და სხვა.

აღსანიშნავია, რომ EMDM-ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები სასწავლო გეგმებისა და სწავლების პრაქტიკის მოდერნიზაციის, რესურსების მობილიზებისა და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით უნივერსიტეტების შესაძლებლობის გაძლიერებას ემსახურება.

გააზიარე გვერდი: