ერასმუს + ჟან მონეს პროექტი - "ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში“ (EU-GS) დასრულდა

ერასმუს + ჟან მონეს პროექტი - "ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში“ (EU-GS) დასრულდა. შემაჯამებელი კონფერენცია "რესპუბლიკის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

"ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავდა ზოგადი განათლების სისტემის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესის ხელშეწყობას.  

"ევროპის უნივერიტეტისთვის“, როგორც ამას ჩვენი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელიც გვკარნახობს, პრიორიტეტულია სტუდენტებში ევროპული ღირებულებების დანერგვა და ევროპული სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა. ევროპეიზაცია, როგორც ცნება, ჩვენი უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

ჩვენი უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, რადგან „ევროპის უნივერსიტეტი“ ის სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც სტუდენტებს უმაღლეს განათლებასთან ერთად აძლევს შანსს, ცოდნა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში კიდევ უფრო აიმაღლონ. ამ მიზნით აქტიურად ვართ ჩართული პროგრამებში, რომლებიც ჩვენი სტუდენტების ინტერესებზეა გათვლილი. 

ამაყი ვარ, რომ ჩვენი მცდელობის პირველივე წელს ერასმუს პლიუსის საგრანტო კონკურსის ფარგლებში ევროპის უნივერსიტეტი გახდა ჟან მონეს აქტივობების ორგზის გამარჯვებული და შეძლო როგორც მოდულის, ისე პროექტის განსახორციელებლად გრანტების და შესაბამისად ევროკავშირის ნდობისა და აღიარების მოპოვება!

უნივერსიტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს როგორც ევროკავშირთან, ისე პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას ახალი, ერთობლივი ინოვაციური პროექტების განხორციელებისთვის“, - განაცხადა „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა ნინო ტალიაშვილმა შემაჯამებელ კონფერენციაზე.

კონფერენციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი,  პარლამენტის დეპუტატები - გიორგი ამილახვარი, მაკა ბოჭორიშვილი და თამარ ტალიაშვილი, ასევე ევროპული ქვეყნების საელჩოების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ზოგადი და უმაღლესი განათლების სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გააზიარე გვერდი:

Hello World!