ევროპის უნივერსიტეტის უკრაინაში დაბადებული და გაზრდილი სტუდენტის მიმართვა უკრაინელ და რუს თანატოლებს

ჩვენი უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტის, უკრაინაში დაბადებული და გაზრდილი ქართველის ირაკლი შამუგიას მიმართვა უკრაინელ და რუს თანატოლებს:

"მე ვარ ირაკლი შამუგია, უკრაინის მოქალაქე, დავიბადე და გავიზარდე უკრაინაში, კიევში, ახლა, ამ სისასტიკის დროს, იქ ბომბების ქვეშ ჩემი ოჯახი, თანატოლები, კლასელები, მეგობრები იმყოფებიან და მე მათთან ერთად ვერ ვარ, რადგან ვიმყოფები საქართველოში, უკვე მეორე წელია, „ევროპის უნივერსიტეტში“ ვსწავლობ, ქართული ცეკვის სიყვარულით აფაზეთის სახელმწიფო ანსამბლში ვცეკვავ და უკვე მეორე დღეა, გულისტკივილით ვუყურებ იმას, რაც ხდება უკრაინაში.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს ის სისასტიკე, რაც ხდებოდა, იგივე მეორდება ახლაც კიდევ ერთ დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოში. აგრესორი ცდილობს სისხლით დაისაკუთროს ის, რაც მას არ ეკუთვნის, მისი არასოდეს იქნება და ამისთვის წირავს ადამიანების სიცოცხლეს, ცდილობს მომავალი წაართვას ქვეყანას, რომელმაც თავისუფლება დამსახურებლად მოიპოვა.

21-ე საუკუნის სტანდარტი - ეს ჩვენ ვართ, ეს ჩემი თაობაა, მოძრავი, ჯანსაღი, აქტიური, სიახლეებისადმი ლოიალური გაწყობებით და ანტიკონფორმისტი. ეს თაობა არ არის მხოლოდ უკრაინაში,  არ არის მხოლოდ საქართველოში, არ არის მხოლოდ ევროპაში... ეს თაობა არის რუსეთშიც და მოგმართავთ თქვენ, ჩემს თანატოლებს რუსეთში, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც პუტინის ტყვეობაში ხართ - ჩვენი ერთად დგომით შეგვიძლია ბოროტებაზე გამარჯვება. აიმაღლეთ ხმა იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც ზურგს სისხლიანი ომები უმაგრებს. რუსეთი თქვენი, ყველას ქვეყანაა და არა პუტინის საკუთრება.

ჩვენ, მომავალი თაობა ვართ მსოფლიო მშვიდობის გარანტი. აიმაღლეთ ხმა პუტინის წინააღმდეგ, დაასრულეთ სისხლიანი ომები 21-ე სააუკუნეში, ტექნოლოგიების საუკუნეში, განვითარების საუკუნეში... მიეცით ადამიანებს შესაძლებლობა იცხოვრონ მშვიდად, ნუ აირჩევთ შიშს...

პუტინმა ჩვენით დაიწყო - ჯერ საქართველო, ახლა უკრაინა, მაგრამ ის არც თქვენ გინდობთ, რადგან საკუთარი იმპერიული ზრახვების დასაკმაყოფილებლად მუდმივ ომებში ხართ ჩართული და სხვისი მიწების მიტაცებისთვის ომში იღუპებიან თქვენი თანატოლები... გართმევთ და გიმახინჯებთ მომავალს. 

უკრაინა ჩემი ქვეყანა, მტკივა ყველა გასროლილი ტყვია, მტკივა ყველა ადამიანი, ვინც ამ უსამართლობის მსხვერპლია, მტკივა მსოფლიო, რომელიც უძლურია.

ჩემო უკრაინელო მეგობრებო, ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ ისევ ვიქნებით დამოუკიდებელი, გამარჯვებული და უფრო მეტად გაძლიერებული ქვეყნის მოქალაქეები... უკრაინასთან ომი იქნება რუსეთის დასასრული, რუსეთს უსასრულოდ აღარ გაუვა მსოფლიოზე ბატონობის და მახინჯი ჩანაფიქრებისთვის ადამიანებისთვის სიცოცხლის, თავისუფლების, სამშობლოს წართმევის სურვილი.

გამძლეობა და გამარჯვება ჩემს ქვეყანას...

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!"

გააზიარე გვერდი:

Hello World!