ევროპის უნივერსიტეტში ონლაინ ზამთრის სკოლის მეორე გამოშვების გახსნის ცერემონია გაიმართა

ევროპის უნივერსიტეტში ონლაინ ზამთრის სკოლის - “ევროპეიზაცია, როგორც საქართველოს დემოკრატიზაციის ინსტრუმენტი" (620916-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-MODULE) მეორე გამოშვების გახსნის ცერემონია გაიმართა. 

ზამთრის სკოლა ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ტალიაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად გახსნა.

ნინო ტალიაშვილის განცხადებით, ევროპის უნივერსიტეტი საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფარგლებში ყოველთვის დიდი სიამოვნებით ერთვება მსგავსი შინაარსის პროექტების განხორციელებაში. 

„მიგვაჩნია, რომ დღეს ისე, როგორც არასდროს ჩვენს ქვეყანას და მმართველ გუნდს სჭირდება თითოეული ჩვენგანის მხარდაჭერა სახელმწიფოს ევროპეიზაციის გზაზე. ბოლო წლებში განსაკუთრებით მკაფიოდ გამოიხატა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ვექტორი და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ნამდვილად გააჩნია იმის პოტენციალი, რომ გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. შესაბამისად სწორედ ევროკავშირის პროექტებში ჩართულობით შევძლებთ ჩვენ საზოგადოებამდე სწორად მივიტანოთ ის მესიჯი, რასაც ქვეყნის ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია ეწოდება”, - მიმართა მონაწილეებს ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ტალიაშვილმა.

ზამთრის სკოლა ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით  იმართება, რომელმაც ერასმუს+ ჟან მონეს პროგრამის ფინანსური მხარდაჭერა ევროკავშირის საგრანტო კონკურსის ფარგლებში (620916-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-MODULE) მოიპოვა. 

მოდულის მიზანი საქართველოს სტუდენტებში, მოსწავლეებსა და ახალგაზრდა მკვლევარებში ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავება და დისკუსიის წახალისებაა, რომელშიც ევროპის უნივერსიტეტისა და საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი სხვა უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესის, ეკონომიკის, ჰუმანიტარული, სოციალური ან პოლიტიკური მიმართულების სტუდენტები და საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონიდან სკოლების მე-11, მე-12 კლასების მოსწავლეები მონაწილეობენ.

გააზიარე გვერდი:

Hello World!