ევროპის უნივერსიტეტი ონლაინ ზამთრის სკოლის მეორე გამოშვებაზე მიღებას აცხადებს

ევროპის უნივერსიტეტი ონლაინ ზამთრის სკოლის - "ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია: ევროკავშირი და საქართველო" მეორე გამოშვებაზე მიღებას აცხადებს. 

ზამთრის სკოლა 2022 წლის 14 თებერვალი - 4 მარტის შუალედში, ევროკავშირის ერასმუს+ ჟან მონეს მოდულის "ევროპეიზაცია, როგორც საქართველოს დემოკრატიზაციის ინსტრუმენტი" (620916-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-MODULE) ფარგლებში გაიმართება.

სკოლის მოსწავლეების შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება როგორც ევროპის უნივერსიტეტის, ასევე, ნებისმიერი სხვა უნივერსიტეტის სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესის, ეკონომიკის, ჰუმანიტარული, სოციალური ან პოლიტიკური მიმართულების სტუდენტს, აგრეთვე, საქართველოს ნებისმიერი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს შეუძლია.

შერჩეული სტუდენტებისთვის ევროპის უნივერსიტეტის პროფესორები სესიებს ისეთ თემებზე ჩაატარებენ, როგორებიცაა:

  • საქართველოს ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია: ისტორია, მექანიზმები, აქტორები, ინსტიტუტები;
  • ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თემატური საკითხები, მათ შორის, კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა, ადამიანის უფლებები, ვაჭრობა, მწვანე ეკონომიკა, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და სხვა.
  • საქართველოს ევროპული საგარეო და რეგიონული პოლიტიკა;
  • ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოს მიმართ;
  • ევროპეიზაციის გავლენა თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე;
  • ფასეულობები და იდენტობები ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის კონტექსტში;
  • ანტი-ევროპული საინფორმაციო ომი და პროპაგანდა, სტრატეგიული კომუნიკაცია;
  • ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია და მობილობის პარტნიორობა;
  • თანამშრომლობა ფორმალური თუ არაფორმალური განათლების და ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით.

ზამთრის სკოლის დისკუსიებში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ჩაერთვებიან. 

ზამთრის სკოლა დისტანციურ რეჟიმში, ზუმის პლატფორმის გამოყენებით გაიმართება.

ყველა მონაწილეს, რომელიც შუალედურ და დასკვნით გამოცდას წარმატებით გადალახავს, გადაეცემა 45 საკონტაქტო საათის (5 კრედიტის მოცულობის) მოდულის გავლის დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი. 

ზამთრის სკოლის გამორჩეული მონაწილე მოამზადებს და გამოაქვეყნებს ბლოგპოსტს.

ზამთრის სკოლის ყველა მონაწილეს ჟან მონეს მოდულის 2022-2023 წლების სხვა ღონისძიებებში ჩართვისა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრისა თუ დისკუსიებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება.

მონაწილეობის მსურველებმა, არაუგვიანეს 2022 წლის 4 თებერვლისა, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა მითითებულ ბმულზე:  https://forms.gle/PfVvt4Mowz4CnwnV9

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე:  euws@eu.edu.ge

გააზიარე გვერდი:

Hello World!