ევროპის უნივერსიტეტს ვროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტის ერასმუს + ინსტიტუციონალური კოორდინატორი ეწვია

ევროპის უნივერსიტეტმა, მიმდინარე წლის 27 სექტემბერს ვროცლავის ბიზნეს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელსა და Erasmus+ ის ინსტიტუციონალურ კოორდინატორს, პაულინა გრაციკს უმასპინძლა.

ევროპის უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრას რექტორი, ნინო ტალიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელი, თათია დოლიძე ესწრებოდნენ.

მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები მობილობის ისეთი სქემების ფარგლებში განიხილეს, როგორიცაა Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობა და NAWA. აგრეთვე მოსაწვევები გაცვალეს საერთაშორისო კონფერენციებზე, რომელთაც თითოეული მათგანი უახლოეს მომავალში უწევს ორგანიზებას.

აღსანიშნავია, რომ ევროპის უნივერსიტეტი არის საერთაშორისო კონსორციუმის წევრი Erasmus+ საპროექტო განაცხადისა, რომელიც წელს წარდგენილ იქნა ვროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტის მიერ. ამრიგად, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პრესპექტივით ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შექმნის შესაძლებლობის შესახებაც ისაუბრეს, ევროკომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში გახდება ცნობილი.

ხაზგასასმელია, რომ ვროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტი გახლავთ ევროპის უნივერსიტეტის 47 -ე და უახლესი ინსტიტუციონალური პარტნიორი, რომელთანაც თანამშრომლობის ხელშეკრულება 2021 წლის აგვისტოს ბოლოს გაფორმდა.

 

გააზიარე გვერდი: