ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და ევროპის უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და ევროპის უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. 

ორმხრივ დოკუმენტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ და ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ტალიაშვილმა მოაწერეს ხელი.

მხარეთა მიერ გაფორმებული მემორანდუმის მთავარი მიზანია ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, სტუდენტებისთვის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფა და კურსდამთავრებულთა სტაჟირების ხელშეწყობა, ასევე, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ერთობლივად ორგანიზება, განვითარება და პოპულარიზაცია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებები ორივე უნივერსიტეტში ხელს შეუწყობს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისა და სამეცნიერო კადრების მომზადებას, რაც თავის მხრივ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესს განავითარებს.

"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უძველესი საინჟინრო-ტექნოლოგიური სკოლაა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში, ცნობილი თავისი სამეცნიერო-საინჟინრო მიღწევებითა და სამეცნიერო გამოგონებებით. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, არაერთი სიახლე დაინერგება, როგორც საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, ასევე, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელების მხრივ“, - განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.

მემორანდუმის ხელმომწერი მხარეები ასევე ინფრასტრუქტურული, კულტურული, სპორტული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაზე შეთანხმდნენ. "აღნიშნული ფაქტი საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს საჯარო უნივერსიტეტსა და კერძო უნივერსიტეტს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის დაწყების პრეცენდენტს წარმოადგენს", - აღნიშნავენ ევროპის უნივერსიტეტში.

გააზიარე გვერდი:

Hello World!