ევროპის უნივერსიტეტი ინფორმატიკაში მოსწავლეთა მე-6 საშობაო ოლიმპიადის შედეგებს აქვეყნებს 

ევროპის უნივერსიტეტმა, პროგრამირების მხარდაჭერის ასოციაციისა და  კომპანია “სოფტგენის” მხარდაჭერით, ინფორმატიკაში მოსწავლეთა მე-6 საშობაო ოლიმპიადა ჩაატარა. 

საწყის ეტაპზე ოლიმპიადის წინასწარი შედეგები, ყველა ამოცანის პირობები, დაპროგრამების ტურის ამოცანების საავტორო ამოხსნები და ალგორითმული ტურის ამოცანების გარჩევა გამოქვეყნდა.

აღსანიშნავია, რომ წინასწარ შედეგებზე არც ერთი აპელაცია არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, მონაწილეთა მიერ საბოლოოდ დაკავებული ადგილები შეესაბამება წინასწარ შედეგებში გამოქვეყნებულ დასკვნით ცხრილებს.

ოლიმპიადის ფარგლებში ჩატარდა 2 ტური – დაპროგრამების ტური და ალგორითმული ტური, რომელშიც მოსწავლეები საქათველოს მასშტაბით მონაწილეობდნენ: დაპროგრამების ტურზე რეგისტრირებული იყო 51 აპლიკანტი, ალგორითმულ ტურზე კი 13. 

დაპროგრამების ნომინაციაში პირველ 4 ადგილზე გასული აპლიკანტები არიან: არჩილ ბასაძიშვილი, ნიკა თამლიანი, დავით მემარნიშვილი და გიორგი ჩხაიძე

ალგორითმულ ნომინაციაში, კი, პირველი 3 ადგილი დაიკავეს გიორგი ორკოშნელმა, ლიკა ვანიშვილმა და თეკლა შიოშვილმა. 

კომპეტნტური ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველი ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა ყველა მონაწილე, რომელმაც ქულების მაქსიმუმის 66% (ანუ, ორი მესამედის) დააგროვა. მეორე ხარსხის დიპლომით ის მონაწილეები დაჯილდოვდნენ, რომლებმაც ქულების მაქსიმუმი 33% (ანუ, მესამედი) დააგროვეს, მესამე ხარისხის დიპლომით კი დაჯილდოვდა ყველა მონაწილე, რომელმაც  პირველი ან მეორე ხარისხის დიპლომი ვერ დაიმსახურა. 

ასევე, ქების სიგელით დაჯილდოვდა ყველა მონაწილე, რომელმაც ერთი ამოცანის ნაწილობრივი ამოხსნა მაინც წარმოადგინა. 

ოლიმპიადის ნომინანტების დაჯილდოვების წესისა და თარიღის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება  არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით მოგვიანებით იქნება მიღებული, რის შესახებაც ოლიმპიადის მონაწილეებს დამატებით ეცნობებათ.

გააზიარე გვერდი:

Hello World!