"ევროპის უნივერსიტეტში" საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია - "გზა ევროინტეგრაციისკენ" გაიმართა

2017 წლის 25 სექტემბერს, ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია - გზა ევროინტეგრაციისკენ გაიმართა. კონფერენცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით გამართულ მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017-ის ფარგლებში ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტები. ღონისძიების გახსნასა და მიმდინარეობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი - მინდია ოკუჯავაც დაესწრო. 

კონფერენციაზე ძირითადი სამუშაო თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ინოვაციური განვითარების პერსპექტივები იყო. ღონისძიებაზე ქართული უნივერსიტეტების (თსუევროპის უნივერსიტეტი, ქართული უნივერსიტეტიბათუმის უნივერსიტეტი, გორის უნივერსიტეტისოხუმის უნივერსიტეტიქუთაისის უნივერსიტეტი) სტუდენტებმა, უცხოური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, პრეზენტაციები სხვადასხვა საკითხების შესახებ გამართეს. მუშაობის პროცესში რამდენიმე სხდომა გაიმართა, კონფერენციის დასასრულს კი მონაწილეებმა თემატური პრობლემები მრგვალი მაგიდის ფორმატში განიხილეს.

გარდა ამისა, ევროპის უნივერსიტეტმა გამოსცა კრებული, რომელშიც თითოეული მონაწილის ნაშრომი დაიბეჭდა. ამასთან, ჟიურის მიერ გამოვლენილი საუკეთესო ნაშრომები ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის და გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევის ინსტიტუტის ჟურნალში - გლობალიზაცია და ბიზნესი გამოიცემა. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული ჟურნალი რეფერირებადი და ინდექსირებადია. 

კონფერენციის დახურვის შემდეგ, თითოეულ მონაწილეს ორენოვანი სერტიფიკატი გადაეცა. მოგვიანებით კი საზეიმოდ გაიჭრა ტორტი. 

კონფერენციის მეორე დღეს, თიბისი ლიზინგის კომერციული დირექტორის მოადგილემ - სალომე ჭუბაბრიამ კონფერენციის მონაწილეებს ინოვაციური პროექტების და სტარტაპების დაფინანსების არსებული მექნიზმის თავისებურებები გააცნო და ამ კუთხით, დათანამედროვე გამოწვევებსა და პრობლემებზე ესაუბრა. სალომე ჭუბაბრიამ კონფერენციის მონაწილეებსა და ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს იმ შეკითხვებზე გასცა პასუხი, რომლებიც ინოვაციური პროექტების ხელშეწყობის არსებულ მექანიზმებს შეეხებოდა. დღის მეორე ნახევარში, კონფერენციის მონაწილეებმა ტექნოპარკი მოინახულეს, სადაც ინოვაციური იდეების კონკრეტულ პროდუქტამდე ხორცშესხმის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საქართველოში არსებულ გამოცდილებას გაეცნენ.

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი საქართველოში უკვე მეორედ იმართება. მის ფარგლებში არა მხოლოდ სტუდენტური კონფერენციები, არამედ სიმპოზიუმები, ტრენინგები, გამოფენები, საჯარო ლექციები და მასტერკლასებიც ეწყობა. ფესტივალის მიზანია, ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია. ამასთან, მეცნიერებაში ინოვაციური მიდგომების წახალისება და დანერგვა, მკვლევართა მოტივაციის გაზრდა, ახალგაზრდების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით. ფესტივალი ხელს უწყობს ფართო საზოგადოებისათვის ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობას. ამასთან, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროების დაახლოებას.

გააზიარე გვერდი:

Hello World!