საერთაშორისო კვირეული 2026

2026 წლის 20-24 აპრილს „ევროპის უნივერსიტეტმა“ პერსონალის მე-4 საერთაშორისო კვირეულს უმასპინძლა.

პროგრამა აერთიანებდა როგორც აკადემიურ, ისე კულტურულ და არაფორმალურ აქტივობებს. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით კვირეულის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები, სამუშაო შეხვედრები და ვორკშოპები, რომლებიც შეეხებოდა ინტერნაციონალიზაციის თანამედროვე ტენდენციებს, სტრატეგიული პარტნიორობების განვითარებას, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას უმაღლეს განათლებაში, კვლევისა და კურიკულუმის ინტერნაციონალიზაციას, ინკლუზიურ განათლებასა და აკადემიურ კეთილსინდისიერებას.

სხვადასხვა სესია წარადგინეს როგორც „ევროპის უნივერსიტეტის“, ისე პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა.

კვირეულის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი უნივერსიტეტები წარედგინათ, გაეზიარებინათ გამოცდილება და განეხილათ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაძლიერებას.

აკადემიურ პროგრამასთან ერთად, სტუმრებისთვის ორგანიზებული იყო კულტურული ღონისძიებები. მონაწილეებმა დაათვალიერეს თბილისის ღირსშესანიშნაობები, ასევე ესტუმრნენ კახეთის რეგიონს, სიღნაღსა და ბოდბეს, სადაც გაეცნენ საქართველოს ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს.

პერსონალის საერთაშორისო კვირეული მნიშვნელოვანი პლატფორმაა გამოცდილების გაცვლის, პროფესიული კავშირების გაღრმავებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისათვის, რაც „ევროპის უნივერსიტეტის“ ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.