პროექტი „დამსაქმებლის გამოწვევა“ დაიწყო
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის განკუთვნილი კონკურსი „დამსაქმებლის გამოწვევა“ დაიწყო.
პროექტს განათლების ცენტრი “ოქროს კომპასი” “ევროპის უნივერსიტეტთან” თანამშრომლობით ახორციელებს.
25 ოქტომბერს „ევროპის უნივერსიტეტში“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრა ოქროს კომპასის თანადამფუძნებელმა, ნანა ღვალაძემ გახნსა. სტუდენტებს სიტყვით ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ნიკოლოზ ფარჯანაძემ მიმართა.
მისასალმებელი ნაწილის შემდგომ სტუდენტებს ჩაუტარდათ საინფორმაციო სესია, სადაც ოქროს კომპასის აკადემიურმა დირექტორმა, მარიამ შურღაიამ მონაწილეებს პროგრამის დეტალებსა და ფორმატზე მიაწოდა ინფორმაცია.
პირველი ვორკშოპის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ დროის მართვის თეორიებს, იმუშავეს გუნდურ ამოცანებზე და შეასრულეს პრაქტიკული დავალებები.
„დამსაქმებლის გამოწვევა“ ადაპტირებულია ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) განათლების ინსტიტუტის “დამსაქმებლის გამოწვევის პროგრამის” ნებართვით და საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებს, განივითარონ ტრანსფერული უნარები, შეხვდნენ პოტენციურ დამსაქმებელს, დაამყარონ პროფესიული კავშირები და გაიმრავალფეროვნონ რეზიუმე ისეთი გამოცდილებით, რომელიც დიდი ბრიტანეთის საუკეთესო უნივერსიტეტების სტუდენტებს ეძლევათ.
პროექტის ფარგლებში შერჩეული 30 საუკეთესო სტუდენტი იმუშავებს სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ რეალურ ორგანიზაციულ გამოწვევებზე. სტუდენტებს მოუწევთ, მოიფიქრონ პრობლემური ქეისის გადაწყვეტის საუკეთესო გზა და წარადგინონ დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამის – ჩივნინგის სტიპენდიატებისგან დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე, რომელიც გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს.
პროექტის თემებია: განათლება; პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები; ბიზნესი და ფინანსები; ადამიანის უფლებები და სამართალი; კიბერუსაფრთხოება; მედია და კომუნიკაციები.