სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში” პროექტის – “Technovation Girls”-ის ფარგლებში ინოვაციური პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

Technovation Girls
17 აპრილს, “ევროპის უნივერსიტეტის” არქეოლოგიის დეპარტამენტისა და ასოცირებული პროფესორის ტასო გეთაშვილის მხარდაჭერით, საერთაშორისო პროექტის “Technovation Girls”-ის ფარგლებში 16-17 წლის გოგონათა ორმა ჯგუფმა ინოვაციური პროექტების პრეზენტაცია გამართა.

ჯგუფმა “Litami-ლიტამი” წარმოადგინა პროექტი “OpportuNet” – 2025 წლის რეგიონალური კონკურსის გამარჯვებული მობილური აპლიკაცია, რომელიც ქართველ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს სასწავლო პროგრამებისა და პროექტების მოძიებაში ეხმარება, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

აპლიკაცია ემსახურება ყველა რესურსის ერთ სივრცეში თავმოყრა-დახარისხებას და მომხმარებელს, ასაკისა და ცოდნის მიხედვით სთავაზობს საუკეთესო პროგრამის ადვილად შერჩევაში.

გოგონების მეორე ჯგუფმა “TeamEL”, რომელიც წელს პირველად მონაწილეობს “Technovation Girls”-ის პროგრამაში, წარადგინა აპლიკაცია GeoShield. მისი მიზანია საგანგებო სიტუაციების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ადამიანთა დახმარება, მზადყოფნისა და რეაგირების გაუმჯობესება განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც სწრაფ და სანდო ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდულია.

ჯგუფი “Litami-ლიტამი “-ს წევრები არიან:

  • ანასტასია კუპატაძე (კომაროვის სკოლა, მე-10 კლასი);
  • ლიზი ყავლაშვილი (თბილისის 52-ე საჯარო სკოლა, მე-10 კლასი);
  • მია ქართლელიშვილი (ვეკუას სკოლა, მე-10 კლასი).

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, რამაც მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში.