ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
“ევროპის უნივერსიტეტში” კომენიუსის უნივერსიტეტის (სლოვაკეთი) წარმომადგენლებმა ორდღიანი ინტენსიური კურსი ჩაატარეს
7-8 მაისს “ერაზმუს+” საერთაშორისო აკადემიური მობილობის ფარგლებში “ევროპის უნივერსიტეტში” კომენიუსის უნივერსიტეტის (ბრატისლავა, სლოვაკეთი) წარმომადგენლებმა ორდღიანი ინტენსიური კურსი ჩაატარეს.
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით ორდღიანი ვორქშოპების სერია: „კლიმატის ცვლილება და ევროკავშირის პოლიტიკა: კლიმატთან დაკავშირებული რისკების მართვა სამართლის, მიწისა და ტყის მართვის მეშვეობით“ გაიმართა.
კურსს კომენიუსის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ვიცე-დეკანი და ადმინისტრაციული და გარემოსდაცვითი სამართლის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი – მაროშ პავლოვიჩი და იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორები – ლუდოვიტ მაკაჯი და მათუს მიხაილოვიჩი უძღვებოდნენ.
კურსის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული თანამედროვე გამოწვევები, ევროკავშირის გარემოსდაცვითი და კლიმატური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, ასევე სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც კლიმატთან დაკავშირებული რისკების მართვას, მიწისა და ტყის რესურსების ეფექტიან მართვასა და გარემოს დაცვას უკავშირდება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარემოსდაცვით სამართალს, მიწისა და აგრარული სამართლის საკითხებს, კლიმატის ცვლილების გავლენას ბუნებრივ რესურსებზე და შესაბამის ევროპულ პრაქტიკებს.
კურსი თეორიულ ნაწილთან ერთად მოიცავდა პრაქტიკულ ელემენტებსაც. მონაწილეები მუშაობდნენ შემთხვევების ანალიზზე, განიხილავდნენ კლიმატთან დაკავშირებულ სამართლებრივ გამოწვევებს და ჯგუფურ დისკუსიებში ევროპული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.
ინიციატივის მიზანს წარმოადგენდა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და პოლიტიკის საკითხების შესახებ ცოდნის გაღრმავება, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერება და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ევროპული გამოცდილების გაზიარება.