“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტი საფრანგეთში ანაზღაურებად პროფესიულ პრაქტიკას გადის
“ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ლიზი ლაბაძე საფრანგეთში, ლიონის IGS ჯგუფის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში, ორთვიან ინტენსიურ და ანაზღაურებად პროფესიულ პრაქტიკას გადის.
პრაქტიკის ფარგლებში, სტუდენტი აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის საქმიანობაში, რითაც ეუფლება პრაქტიკულ უნარებს, ცოდნასა და გამოცდილებას თანამედროვე საგანმანათლებლო და თანამშრომლობითი პროექტების მართვის მიმართულებით.
“ევროპის უნივერსიტეტი” დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტუდენტებისთვის საერთაშორისო შესაძლებლობების შექმნას და პროფესიული პრაქტიკის ხელშეწყობას, რაც მათ კარიერული განვითარებისა და პროფესიული კომპეტენციების გაღრმავებას უწყობს ხელს.
ლიზი თავისი შთაბეჭდილებების შესახებ გვიამბობს:
„ლიონში ჩემი სტაჟირება ძალიან საინტერესო და სასარგებლო გამოცდილებაა. ვმუშაობ საერთაშორისო ურთიერთობების ოფისში, სადაც ძირითადად “ერაზმუსის” პროგრამასთან მაქვს შეხება და ვეხმარები სტუდენტებს მობილობის პროცესში.
ამ პერიოდში ვასრულებ ადმინისტრაციულ დავალებებს, ვმუშაობ საბუთებთან და ვსწავლობ პროფესიულ კომუნიკაციას ელფოსტით. ასევე უკვე კარგად გავეცანი “ერაზმუსის” ძირითად წესებს და გავიგე, როგორ მუშაობს ეს პროგრამა პრაქტიკაში.
სტაჟირება მეხმარება პროფესიული უნარების განვითარებაში და მაძლევს შესაძლებლობას, გავიცნო ახალი კულტურა და შევიძინო მნიშვნელოვანი გამოცდილება“.