ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
„ევროპის უნივერსიტეტის“ ლექტორი ბელგრადში გამართულ საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობდა
4-8 მაისს, „ევროპის უნივერსიტეტის“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის მოწვეულმა ლექტორმა თინათინ მაღრაძემ, Erasmus+ საერთაშორისო აკადემიური მობილობის ფარგლებში, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ საერთაშორისო კვირეულში – „ციფრული უნარების განვითარება განათლებასა და ბიზნესში“ მიიღო მონაწილეობა.
საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში თინათინ მაღრაძემ წარადგინა მოხსენება თემაზე – „ეთიკის გამოწვევები ციფრულ განათლებაში“.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს, თურქეთის, მაროკოს, ხორვატიისა და უნგრეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. პროგრამა მოიცავდა დისკუსიებსა და სამუშაო სესიებს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა მონაცემებზე დაფუძნებული აზროვნება, ციფრული ეკონომიკა, ხელოვნური ინტელექტის როლი მეწარმეობაში და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პერსონალური ბრენდინგი.
საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ასევე გაიმართა პრაქტიკული სემინარები, რომლებიც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა გაეღრმავებინათ ცოდნა და გამოცდილება ციფრული ტრანსფორმაციის თანამედროვე მიმართულებებში.
აკადემიური პროგრამის პარალელურად, მონაწილეებისთვის ორგანიზებული იყო კულტურული ღონისძიებებიც, მათ შორის ვიზიტი ბელგრადის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პარკში, ექსკურსია ნიკოლა ტესლას მუზეუმში, ასევე ბელგრადის ისტორიულ ცენტრსა და წმინდა სავას ტაძარში.
საერთაშორისო კვირეული დასრულდა შემაჯამებელი შეფასებითა და მონაწილეთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიით.