საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” 10 სტუდენტი ერაზმუს+ საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში იტალიაში იმყოფებოდა

ერაზმუს+
11-15 მაისს, “ევროპის უნივერსიტეტის” 10 სტუდენტი სრულად დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობის ფარგლებში, კორეს უნივერსიტეტში (იტალია) ერაზმუს+ შერეულ ინტენსიურ პროგრამაში მონაწილეობდა.

სტუდენტები ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა შემთხვევის განხილვაში, გუნდურ აქტივობებსა და ინტერაქტიულ სასწავლო პროცესებში, რაც მათ შესაძლებლობას აძლევდა განევითარებინათ როგორც პროფესიული, ასევე გუნდური მუშაობისა და კრიტიკული აზროვნების უნარები.

შერეული ინტენსიური კურსი სტუდენტებისთვის მრავალფეროვან და პრაქტიკულ გამოცდილებაზე ორიენტირებული იყო.

პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო კიბერუსაფრთხოებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებზე დაფუძნებულ სიმულაციურ აქტივობას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების როლში განიხილავდნენ კიბერკრიზისებთან დაკავშირებულ სცენარებს და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობდნენ.

სტუდენტებისთვის განსაკუთრებულად შთამბეჭდავი აღმოჩნდა “კორეს უნივერსიტეტის” საინჟინრო და არქიტექტურის დეპარტამენტის წამყვან კვლევით ცენტრებში – LEDA-სა და MARTA-ში ვიზიტი.

ცენტრებში სტუდენტებმა დაათვალიერეს თანამედროვე კვლევითი ინფრასტრუქტურა, ფრენის სიმულატორები, სეისმური ტესტირების ლაბორატორიები და სპეციალური საინჟინრო კონსტრუქციები, რომლებიც სხვადასხვა კვლევითი და სასწავლო მიზნებისთვის გამოიყენება.

“ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური აქტიურად მუშაობს სტუდენტებისთვის საერთაშორისო შესაძლებლობების გაფართოებაზე და მათ ჩართულობაზე ისეთ პროგრამებში, რომლებიც ხელს უწყობს ცოდნის, გამოცდილებისა და საერთაშორისო კავშირების განვითარებას.