“ერაზმუსის” კვირეულის ფარგლებში “ევროპის უნივერსიტეტში“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

17 ოქტომბერს „ევროპის უნივერსიტეტში“ ერაზმუსის კვირეულის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა Erasmus+ პროგრამისა და საერთაშორისო შესაძლებლობების პოპულარიზაციას.
ღონისძიება საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ვიცე-რექტორმა ნიკოლოზ ფარჯანაძემ გახსნა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო თანამშრომლობების მნიშვნელობაზე, ასევე, Erasmus+ პროგრამის როლზე სტუდენტების კარიერულ განვითარებაში.
დამსწრეებს საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერმა ნინო ჩანადირმა “ევროპის უნივერსიტეტში“ არსებული საერთაშორისო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში ერაზმუსის ეროვნული ოფისისა და Erasmus Student Network (ESN)-ის წარმომადგენლები, რომლებმაც მონაწილეებს თავიანთი ორგანიზაციების საქმიანობის, მოხალისეობრივი ინიციატივებისა და არაფორმალური განათლების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
ღონისძიების მეორე ნაწილში გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც სტუდენტებმა ერთმანეთთან გააზიარეს საკუთარი ერაზმუსის გამოცდილებები და შთაბეჭდილებები კითხვა-პასუხის ფორმატში.
დასასრულს ჩატარდა სახალისო ქვიზი, რომლის გამარჯვებულებიც ევროპის უნივერსიტეტის სახელით სიმბოლური პრიზებით დაჯილდოვდნენ.
“ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური სტუდენტებსა და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს საერთაშორისო მობილობის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.