“ევროპის უნივერსიტეტის” ვიცე-რექტორი ნიკა ფარჯანაძე PXL-ის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტში საერთაშორისო კვირეულს დაესწრო
“ევროპის უნივერსიტეტის” ვიცე-რექტორმა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ნიკოლოზ ფარჯანაძემ, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, PXL-ის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტში, ბელგიაში გამართულ საერთაშორისო კვირეულში მიიღო მონაწილეობა.
კვირეულს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან აკადემიური პერსონალი ესწრებოდა. სამუშაო სესიები მიზნად ისახავდა სწავლების და კვლევის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ბიზნესისა და ტურიზმის, კომუნიკაციისა და ჟურნალისტიკის განათლების სფეროს მიმართულებით.
პროგრამის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ხელოვნური ინტელექტის სასწავლო პროცესში ინტეგრირება და მომავალზე ორიენტირებული პედაგოგიური მიდგომების განვითარება.
აკადემიური პროგრამის პარალელურად, მონაწილეები ბელგიის კულტურულ და სოციალურ გარემოსაც გაეცნენ – ფლანდრიის რეგიონის გამორჩეული ხასიათი, ენა, ისტორია და საზოგადოება, განსაკუთრებით კი ქალაქ ჰასელტის კონტექსტში.
კვირეული ნაყოფიერი იყო როგორც პროფესიული, ასევე ინსტიტუციური პერსპექტივით; ღონისძიება წარმოადგენდა მნიშვნელოვან პლატფორმას “ევროპის უნივერსიტეტსა” და PXL-ის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტს შორის უკვე არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისათვის.