უცხოელმა სტუდენტებმა მონუმენტი “საქართველოს მატიანე” მოინახულეს

“ევროპის უნივერსიტეტის“ გაზაფხულის სემესტრის საერთაშორისო სტუდენტებმა, ქართულის, როგორც უცხო ენის პრაქტიკული კურსის ფარგლებში, მონუმენტი “საქართველოს მატიანე” მოინახულეს.
ქართული ენის პრაქტიკული კურსის ფარგლებში დაგეგმილი დავალების შესასრულებლად მათ უნდა მოეძიებინათ ინფორმაცია სხვადასხვა ქართველი ისტორიული მოღვაწის, მათ შორის ქართული ანბანის შემქმნელის, მეფე ფარნავაზის შესახებ და უნდა ამოეცნოთ შესაბამისი ძეგლები.
აღნიშნული დავალების შესრულებამდე სტუდენტებს განემარტათ ჯგუფური გადაადგილების წესები და უსაფრთხოების საკითხები, თბილისის ზღვაზე მდებარე აღნიშნულ ძეგლამდე მისასვლელი მარშრუტი, სავარაუდო ტრანსპორტი და ქართველ მძღოლებთან საკომუნიკაციო, მარტივი და აუცილებელი ლექსიკა – საორიენტაციო ტერმინები.
უცხოელი სტუდენტები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ აღნიშნულ საგაკვეთილო პროცესში და ლექტორს, ფილოლოგიის დოქტორს ნათია ფუტკარაძეს ჯგუფურად მოძიებული მასალები წარუდგინეს. ისაუბრეს გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა დამსახურებასა და ღვაწლზე. შეძლებისდაგვარად გამოიყენეს უკვე შესწავლილი ქართული ფრაზები და ლექსიკური ერთეულები.
სტუდენტებმა დაათვალიერეს მონუმენტის პირველ შრეზე განლაგებული რელიგიური სცენები და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მსგავსი ტიპის პრაქტიკული აქტივობები, უცხოენოვან სტუდენტებს მიღებული თეორიული ცოდნის გააქტიურებაში ეხმარება.