Hope Begins With a Bowl
“Hope Begins With a Bowl” — „ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების პროექტია, რომელიც სტუდენტური ფესტივალის — ‘სტუდფესტი 2025”-ის მოხალისეობრივი კონკურსის ფარგლებში განახორციელეს.
პროექტის მიზანია მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჰუმანური მოპყრობა ქუჩის ცხოველების მიმართ.
დღესდღეობით ქალაქის ქუჩებში უამრავი ცხოველი ცხოვრობს, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიან საკვების და სუფთა წყლის ნაკლებობას. ეს მტკივნეული რეალობა ხშირად ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს და რიგ შემთხვევაში სიცოცხლის დაკარგვასაც იწვევს.
სტუდენტებმა მილებისგან დაამზადეს სპეციალური ჯამები, რომლებიც ქუჩის ცხოველებისთვის საკვებისა და სუფთა წყლის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ამ პროცესში კი აქტიურად ერთვება საზოგადოება — მოქალაქეები, რომლებსაც შეუძლიათ ეს ჯამები შეავსონ და ქუჩის ცხოველებს დაეხმარონ.
გარდა ამისა, სტუდენტებმა მოამზადეს ვიდეორგოლი, რომელიც ასახავს მიუსაფარი ცხოველების ერთ ჩვეულებრივ დღეს. ვიდეო საზოგადოებას შეახსენებს, რომ ცხოველის სიცოცხლის შეცვლა უკეთესობისკენ ადამიანს მხოლოდ ერთი პატარა ქმედებითაც შეუძლია.