სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

საგრანტო კონკურსში
“ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის ინსტიტუტის მიერ წარდგენილმა ინსტიტუციურმა პროექტმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.

პროექტი ეძღვნება საქართველოში მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის სამართლებრივი ჩარჩოს ფუნდამენტურ კვლევას და მისი შესაბამისობის შეფასებას ევროკავშირის სამართლებრივ და ინსტიტუციურ სტანდარტებთან.

კვლევა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა უნივერსალური მომსახურების უზრუნველყოფა, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების ხელმისაწვდომობა, მომსახურების ხარისხის რეგულირება, მომხმარებელთა ინფორმირების ვალდებულება, სამართლიანი სახელშეკრულებო პირობები, პერსონალური მონაცემების დაცვა და მომხმარებელთა უფლებების აღსრულების სამართლებრივი მექანიზმები.

პროექტი ხასიათდება ინტერდისციპლინური მიდგომით და აერთიანებს სამართლის, ეკონომიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საჯარო პოლიტიკის ანალიზს.

კვლევის შედეგები გამოქვეყნდება პრაქტიკული სახელმძღვანელოს სახით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც აკადემიური წრისთვის, ისე საჯარო სექტორის, მარეგულირებელი ორგანოების, კერძო სექტორის წარმომადგენლებისა და ფართო საზოგადოებისთვის.

აღნიშნული გრანტის მოპოვება “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის ინსტიტუტის სამეცნიერო პოტენციალის, კვლევითი ხედვისა და აკადემიური საქმიანობის მაღალი ხარისხის მნიშვნელოვან აღიარებას წარმოადგენს.