ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებმა უნგრეთში “ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტში” პრაქტიკა გაიარეს
„ევროპის უნივერსიტეტის“ ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტების პროფესიული პრაქტიკა უნგრეთში, „ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტში“ დასრულდა.
სტუდენტებმა სპეციალურად მათთვის შედგენილი პროგრამის ფარგლებში გაიარეს სკოლამდელ და სასკოლო განათლებაში ბავშვთა/მოსწავლეთა განვითარებასა და თავისებურებებთან დაკავშირებული საკითხები. ესტუმრნენ საბავშვო ბაღს და სკოლას, ორივე დაწესებულებაში ჰქონდათ საშუალება, დაკვირვებოდნენ ტიპური განვითარებისა და საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების/მოსწავლეების სწავლა-სწავლების პროცესსა და ინკლუზიური განათლების პრაქტიკას.
ლექცია-სემინარებზე ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებმა განიხილეს ბავშვის ნახატში სოციალურ-ემოციური განვითარების თავისებურებები, PAIR მეთოდით ნახატის გაანალიზება და რეფლექსური აზროვნების უნარი. გაიგეს, როგორ რეაგირებენ ბავშვები მშობლებისგან ფსიქოლოგიური დაუცველობის პირობებში.
ამასთანავე, სტუდენტებმა დაათვალიერეს პრაქტიკული სამუშაოებისთვის განკუთვნილი სივრცეები და იმუშავეს კონკრეტულ ქეისებზე.
პროგრამის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა დარგის პროფესიონალების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრაც.
“ევროპის უნივერსიტეტის“ ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვანია მათი პროფესიული წინსვლისთვის და საერთაშორისო ცოდნის გაზიარებისთვის.