საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში” ორი ახალი სამეცნიერო პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა

wignebis prezentacia

22 თებერვალს, “ევროპის უნივერსიტეტის” აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით, “ევროპის უნივერსიტეტის” ზურაბ ჟვანიას სახელობის საპარლამენტო დარბაზში ორი ახალი სამეცნიერო პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა.

წარდგენილ ნაშრომებს შორის იყო:

  1. კრებული “სანახებნი ქართლისანი, ისტორიულ-გეოგრაფიული ნარკვევები“ (ავტორი: გიორგი ჭეიშვილი). პუბლიკაცია აერთიანებს სამეცნიერო სტატიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიულ საზღვრებსა და მათ ირგვლივ არსებულ საკითხებს განიხილავს, რომლის უკანასკნელი რუბრიკაც თანამედროვე საისტორიო მეცნიერებაში დამკვიდრებული ტრადიციული ისტორიულ-გეოგრაფიული კონცეპტების ანალიზსა და კრიტიკას ეთმობა.
  2. წიგნი “ღართისკარი, დედაქალაქობისდროინდელი მცხეთის ჩრდილოეთი კარიბჭე“ (ავტორები: ვახტანგ ნიკოლაიშვილი, მერაბ ძნელაძე, გოდერძი ნარიმანიშვილი) , რომელშიც განხილულია 1979-1989 წლებში მცხეთის ტერიტორიაზე, ღართისკარში გამოვლენილი ანტიკური ხანის ციხესიმაგრეზე ჩატარებული არქეოლოგიური კვლევის შედეგები.

ნაშრომი ეძღვნება ქართველი არქეოლოგის ვახტანგ ნიკოლაიშვილის დაბადებიდან 85 წლისთავს.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს სამეცნიერო აკადემიური წრეებისა და საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები, რომელთაგან აუდიტორიას სიტყვით მიმართეს: როლანდ თოფჩიშვილმა, მარიამ ჩხარტიშვილმა, იულონ გაგოშიძემ, გიორგი გაგოშიძემ, ვახტანგ გოილაძემ, ვალერიან ვაშაკიძემ, ვახტანგ ჯაფარიძემ.

შეხვედრა “ევროპის უნივერსიტეტის” არქეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პროფესორმა ალექსანდრე ნონეშვილმა შეაჯამა.