სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის სიახლეები

მე-5 საერთაშორისო კონფერენციის ICETI 2025 მთავარი მომხსენებლები საქართველოდან, იტალიიდან და უნგრეთიდან იქნებიან

ICETI 2025
7 დეკემბერს „ევროპის უნივერსიტეტში“ მე-5 საერთაშორისო კონფერენცია „განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია“ (ICETI 2025) გაიმართება.

2025 წლის კონფერენციის თემაა მომავალზე ორიენტირებული კურიკულუმი და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები.

წლევანდელ კონფერენციას ეყოლება სამი მთავარი მომხსენებელი, რომლებიც ძირითადი თემის გარშემო საინტერესო და პრაქტიკულ მიგნებებს წარადგენენ:

პროფესორი მაურიციო ტირა წარადგენს მოხსენებას თემაზე „მდგრადი განვითარების შენარჩუნება: ევროპული უნივერსიტეტების როლი“ – „ბოლო ათწლეულების განმავლობაში მზარდია ევროპული უნივერსიტეტების დაინტერესება მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული საკითხებით. შესაბამისად, უნივერსიტეტები ხშირად წარმოადგენენ თავს მთავარ აქტორებად ამ მიმართულებით და იაზრებენ სოციალურ პასუხისმგებლობას ცვლილებების მართვაში როგორც საუნივერსიტეტო სივრცეში, ასევე მის ფარგლებს მიღმა“, ამბობს პროფესორი მაურიციო ტირა.

პროფესორი, დოქტორი მიჰაი ბოროში ისაუბრებს თემაზე “სიმულაციური უნარების სწავლება როგორც სამედიცინო განათლების მდგრადი განვითარების წინაპირობა” – „განხილული შემთხვევების ანალიზი აჩვენებს, რომ ეფექტური სიმულაციური ტრენინგი მოითხოვს შესაბამის ინსტიტუციურ ინფრასტრუქტურას და სტრატეგიულ დანერგვას. მოხსენების მთავარი გზავნილია მუდმივი გაუმჯობესება – უკვე მიღწეულის შენარჩუნება და განვითარებისკენ სწრაფვა. ეს მიდგომა წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკის არსს სამედიცინო განათლებაში და უზრუნველყოფს ჯანდაცვის პროფესიონალთა მდგრად პროფესიულ განვითარებას“ – ამბობს პროფესორი, დოქტორი მიჰაი ბოროში.

პროფესორი, დოქტორი ნიკოლოზ ფარჯანაძე აუდიტორიას გააცნობს თემას: „ალგორითმს მიღმა: უმაღლესი განათლების როგორც საზოგადოებრივი სიკეთის შენარჩუნება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“ – „მოხსენება გამოკვეთს სამ ფოკუსს: აკადემიური თავისუფლება ალგორითმული კონტროლის საწინააღმდეგოდ, საზოგადოებრივი სიკეთე მარკეტიზაცია-კომერციალიზაციის საწინააღმდეგოდ, ეგალიტარიზმი ელიტიზმის საწინააღმდეგოდ. უფრო მეტიც, იგი განიხილავს ევროპულ კანონმდებლობასა და რეგულაციებს ხელოვნური ინტელექტის შესახებ, ასევე იურიდიულ ბუნდოვანებას საქართველოს შემთხვევაში და მიმოიხილავს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანური განვითარების ფუნდამენტურ საკითხებს“ – ამბობს პროფესორი, დოქტორი, ნიკოლოზ ფარჯანაძე.

კონფერენციაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: სარეგისტრაციო ბმული

ადგილმდებარეობა: „ევროპის უნივერსიტეტის“ B კორპუსი, დ. სარაჯიშვილის გამრიზი 17, აუდიტორია 702

საერთაშორისო კონფერენცია „განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია“ ორგანიზებულია ევროპის უნივერსიტეტისა და ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის მიერ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით.

ვრცლად კონფერენციის შესახებ: https://iceti.eu.edu.ge/home/about-conference/