საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორმა კვლევის მიმართულებით „ევროპის უნივერსიტეტში“ ორდღიანი ინტენსიური სამუშაო შეხვედრების სერია გამართა

9-10 ივნისს “ევროპის უნივერსიტეტში“ ორდღიანი ინტენსიური სამუშაო შეხვედრების სერია – „კვლევის პრაქტიკული ასპექტები, თანამშრომლობა და ინოვაცია“ გაიმართა. ვორქშოპებს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის განათლების ინსტიტუტის პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის განათლების ლიდერობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, დოქტორი ქარენ ეჯი უძღვებოდა.

ორდღიანი ღონისძიება „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გახსნა. დამსწრეებს სიტყვით ვიცე-რექტორმა ნიკოლოზ ფარჯანაძემ მიმართა.

სამუშაო შეხვედრების სერია მიზნად ისახავდა სხვადასხვა კარიერულ ეტაპზე კვლევის კომპეტენციის გაძლიერებასა და გრძელვადიანი კვლევითი თანამშრომლობების ხელშეწყობას.

პრაქტიკული სავარჯიშოების და ინტერაქციული აქტივობების ფარგლებში მომხსენებელმა დამსწრეებს გაუზიარა კვლევითი პორტფოლიოს შექმნის ტექნიკები და ახალი კავშირების მოძიების გზები.  შეხვედრის თემები ასევე მოიცავდა:

  • მკაფიო კონტექსტის შექმნა
  • თემის სათაური და აბსტრაქტი
  • მონაცემების კვლევა და ანალიზი
  • დაფინანსების წყაროები და სატენდერო წინადადების მომზადება
  • პუბლიკაციების გამოცემა

ღონისძიებას გამოცდილი მკვლევრები, კარიერის დასაწყისში მყოფი აკადემიური პერსონალი და სწავლისა და კვლევის სხვადასხვა ეტაპზე მყოფი სადოქტორო პროგრამის სტუდენტები ესწრებოდნენ.

„ევროპის უნივერსიტეტი“ აქტიურად არის ჩართული კვლევის კომპონენტის განვითარებაზე და აკადემიური პერსონალის უნარების განვითარება წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრატეგიული გეგმის ნაწილს.