სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

იურიდიული კლინიკების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრას „ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის ფაკულტეტი ესწრებოდა

იურიდიული კლინიკების
თბილისში, პროექტის – „გენდერული თანასწორობის განმტკიცება და GREVIO-ს რეკომენდაციების იმპლემენტაცია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად“ ფარგლებში, ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების ბაზაზე არსებული იურიდიული კლინიკების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრას „ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ეკა კაველიძე და ამავე ფაკულტეტის სამართლებრივი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ოთარ კაჭკაჭაშვილი ესწრებოდნენ.

პროექტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024 – 2027 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია.

მონაწილეებმა განიხილეს მსხვერპლზე ორიენტირებული იურიდიული დახმარება, ტრავმა-ინფორმირებული პრაქტიკები და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმები.

შეხვედრას ესწრებოდნენ იურიდიული კლინიკების ხელმძღვანელები, დირექტორები და სამართლის ფაკულტეტის უფროსკურსელი სტუდენტები.

ექსპერტებთან ერთად, მონაწილეებმა იმსჯელეს ტრავმა-ინფორმირებული მიდგომების ინტეგრაციაზე, მსხვერპლთან პირველი კონტაქტიდან საერთაშორისო ინსტანციებში წარმომადგენლობამდე.

სესიები მოიცავდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ საქართველოს სამართლებრივი ჩარჩოს მიმოხილვას, რელევანტური საქმეების შეფასებას, რისკის ანალიზს, მსხვერპლთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებს და იურიდიულ კლინიკებზე მორგებული სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (SOPs) შემუშავებას.

პროგრამის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება იყო იურიდიული კლინიკების შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმებთან თანამშრომლობისთვის.

მონაწილეები ჩაერთნენ პრაქტიკულ სავარჯიშოებში, რომლებიც ეხებოდა საქმეების იდენტიფიცირებას, შეფასებას და სტრატეგიული სამართალწარმოებისათვის მომზადებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებში.

დისკუსიები ასევე შეეხებოდა იურისდიქციის, დასაშვებობის კრიტერიუმების, შუალედური ღონისძიებებისა და ამ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობას.

გარდა ამისა, მონაწილეებმა იმსჯელეს იურიდიული კლინიკების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების შესახებ ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ, რათა განესაზღვრათ, რომელი მოდელები და მიდგომები შეიძლება იქნას ადაპტირებული საქართველოს კონტექსტში.

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებმა შეიმუშავეს იურიდიული კლინიკების განვითარების გეგმები, მიზნად დაისახეს თანამშრომლობის გაღრმავება, მხარდაჭერის სისტემების გაუმჯობესება და გრძელვადიანი განვითარებისთვის ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება.