ინოვაციური ტრენინგები ვეტერინარულ განათლებაში – InnovaVet პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს

2- 4 ივლისს, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა“ და „ევროპის უნივერსიტეტის“ თანამშრომლობით, კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) მიერ დაფინანსებული პროექტის InnovaVet: ვეტერინარული განათლების პროგრამების განვითარების ფარგლებში, ინტენსიური ტრენინგების სერია მიმდინარეობს.
ტრენინგებში მონაწილეობენ პროექტში ჩართული სხვადასხვა უნივერსიტეტების აკადემიური და მოწვეული პერსონალის წარმომადგენლები.
ტრენინგების სერიას ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის პროფესორები – კრისტელ პეეტსალუ, კრისტი პრააკლა და ედა ლეოლა უძღვებიან.
ღონისძიება ოფიციალურად 2 ივლისს გაიხსნა „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორის, ნინო ტალიაშვილისა და „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის, გიორგი ჭიჭინაძის მისასალმებელი სიტყვით.
სესიების მთავარი თემატიკა მოიცავს სწავლების ტრადიციული მოდელებიდან სტუდენტზე ორიენტირებულ და ღრმა სწავლის პრინციპებზე გადასვლას, ასევე სტუდენტების იმ უნარებით აღჭურვას, რომლებიც პასუხობს ვეტერინარიის სფეროში არსებულ თანამედროვე და მომავალ პროფესიულ გამოწვევებს.
ტრენინგი მიზნად ისახავს მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და ინოვაციური საგანმანათლებლო პრაქტიკების გაზიარებას.
ინტენსიური ტრენინგების სესიაში მონაწილეობას ბენეფიციარი უნივერსიტეტების 35 პროფესორ-მასწავლებელი იღებს.